LIVE

ფხაკაძე: როგორც კი პლაცის ფასი დაბლა წამოვიდა, ჩვენს ქსელში საწვავი გაიაფდა

02 თებ 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 547
ფხაკაძე: როგორც კი პლაცის ფასი დაბლა წამოვიდა, ჩვენს ქსელში საწვავი გაიაფდა

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ საწვავის შემდგომი გაიაფება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ტენდენციებზეა დამოკიდებული. 

როგორც მან "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, პლაცის ფასის შემცირება ადგილობრივ ბაზარზე უკვე აისახა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ დამოკიდებული ვართ პლაცზე. ხომ შეხედეთ, როგორც კი საერთაშორისო ბაზარზე პლაცი დაბლა წამოვიდა, მან ადეკვატური ასახვა პოვა ჩვენს ქსელში და საწვავი გაიაფდა“,- ამბობს სოსო ფხაკაძე.

2022 წელს საწვავის ღირებულება საქართველოში ისტორიულად მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა და 4 ლარს გადასცდა. პრემიერის დავალებით ბაზარი მარეგულირებლის შესწავლის ობიექტი გახდა. საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი კონკურენციის სააგენტომ 2022 წლის აგვისტოში დაასრულა, რამაც აჩვენა რომ კომპანიები იმპორტის გაიაფებას ადგილობრივ სარეალიზაციო ფასში არ ასახავდნენ. ამის შემდეგ სააგენტომ მოკვლევა დაიწყო 5 მსხვილი რეალიზატორი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო მნიშვნელოვნად გახდა დამოკიდებული რუსული საწვავის იმპორტზე. კერძოდ, 2022 წელს საქართველომ რუსეთისგან 623 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა (წლიური ზრდა 361%).