LIVE

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის

30 იან 202315:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 568
ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას ასრულებს.

როგორც სებ-ში აცხადებენ, პროექტის პირველი ეტაპის საბოლოო ვადად 2023 წლის 15 თებერვალი განისაზღვრა.

"ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, 2020 წლიდან აქტიურად იკვლევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს.

2021 წლის 30 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ციფრული ლარის პროექტის პირველი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა და დაინტერესებული ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიები თანამშრომლობისთვის მოიწვია. ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სებ-მა მოიკვლია CBDC-ის სისტემის საშუალებით ტექნოლოგიური, საზედამხედველო და ფინანსურ სირთულეებთან გამკლავების სხვადასხვა გზები და მეთოდები.

საქართველოს ეროვნული ბანკი გაცნობებთ, რომ დაინტერესებული ფინტექ კომპანიების მოწვევის ვადა იწურება. პროექტის პირველი ეტაპის საბოლოო ვადად 2023 წლის 15 თებერვალი განისაზღვრა. პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, ეროვნული ბანკი შეარჩევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტექნოლოგიის მიმწოდებელ კომპანიას და სიღრმისეულად შეაფასებს ტექნოლოგიური პარტნიორების მიერ წარმოდგენილ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სისტემურ მოწყობასა და სხვა დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, სისტემურ მოწყობას ციფრული ლარის საცდელი ვერსიის დასანერგად.

ციფრულ ლარს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის არსებულ მონეტარულ პოლიტიკასა და საგადახდო სისტემაზე, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და ახალი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაჩენას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია შეფასდეს ციფრული ლარის დანერგვის თანმდევი რისკები. საქართველოს ეროვნული ბანკი პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, რისკების შემცირების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის საცდელი ვერსიის პრაქტიკულ ტესტირებას საპილოტე რეჟიმში განახორციელებს.

თუ თქვენ CBDC ტექნოლოგიის განვითარებაში მონაწილეობთ და  დაინტერესებული ხართ გახდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის პარტნიორი კომპანია, არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - innovationoffice@nbg.gov.ge",- აღნიშნულია განცხადებაში.