LIVE

მინისტრი: საქართველო სანქციების აღსრულებით მოწინავეა, ბევრი მადლობის წერილი აქვს მიღებული

23 იან 202316:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 386
მინისტრი: საქართველო სანქციების აღსრულებით მოწინავეა, ბევრი მადლობის წერილი აქვს მიღებული

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. 

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში ტურიზმი და ექსპორტი უფრო მეტად გაიზარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, ვიდრე რუსეთთან მიმართებით.

„მინდა ერთ საკითხს შევეხო, რომელიც ბოლო დღეებში საკმაოდ აქტუალურია. ეს ეხება რუსეთს და რუსეთთან დამოკიდებულებას. ეს საკითხი განიხილება სანქციების აღსრულების ჭრილში. 

როგორც ტურიზმის, ისე ექსპორტის მიმართულებით, საქართველოში ზრდა გაცილებით მაღალი იყო რუსეთის გარეშე, ვიდრე რუსეთთან ერთად. ანუ მთელ მსოფლიოსთან ექსპორტი და ტურიზმი გაიზარდა იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთთან მიმართებაში.

რაც შეეხება სანქციების აღსრულებას, ამ მხრივ, როგორც საფინანსო სექტორის, ისე ვაჭრობის ნაწილში, საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ნაწილში ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ პარტნიორებთან, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. არანაირი საფუძველი იმისა, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს, საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება, არ არსებობს, პირიქით, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მადლობის წერილი აქვს საქართველოს მიღებული იმ ღონისძიებებისთვის, რაც განხორციელდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ სანქციების აღსრულება დადგენილი სტანდარტით მოხდეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 3 მლრდ 517 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან შემოსავლებით რუსეთი ლიდერობს. იანვარი-დეკემბრის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსმა მოგზაურებმა, რომლებშიც მიგრანტებიც შედიან, რადგან არ ხდება ტურისტების და მიგრანტების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ქვეყანაში 891 მლნ დოლარი დახარჯეს.

რაც შეეხება რუსეთთან ვაჭრობას, საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2.5 მილიარდ დოლარს უტოლდება.

რუსეთს საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში, 13.6%-იანი წილით, მეორე ადგილი უკავია. საქსტატის თანახმად, ერთ წელში რუსეთიდან იმპორტი 79.4%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 835 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის კი რუსეთი მესამე პოზიციაზეა და მასზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 11.7% მოდის. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი 6.8%-ით, 651.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა.