2022 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2.5 მილიარდ დოლარს უტოლდება.
რუსეთს საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში, 13.6%-იანი წილით, მეორე ადგილი უკავია, უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის კი მესამე პოზიციაზეა და მასზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 11.7% მოდის.
საქსტატის თანახმად, ერთ წელში რუსეთიდან იმპორტი 79.4%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 835 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით შემდეგი დასახელების რუსული პროდუქცია იყიდა:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 623 მლნ დოლარი (წლიური ზრდა 361%);
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 112 მლნ დოლარი (წლიური ზრდა 24%);
- ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი - 67 მლნ დოლარი (წლიური ზრდა 479%);
- ხორბალი და მესლინი - 62 მლნ დოლარი (წლიური კლება 29%);
- კოქსი და ნახევარკოქსი - 59 მლნ დოლარი (წლიური ზრდა 153%).
რაც შეეხება ექსპორტს, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი 6.8%-ით, 651.6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი მოცულობით გაყიდა:
- ყურძნის ნატურალური ღვინო - 161 მლნ დოლარი (წლიური ზრდა 23%);
- ფეროშენადნობები - 109 მლნ დოლარი (წლიური კლება 37%);
- მსუბუქი ავტომობილები - 76 მლნ დოლარი (წლიური ზრდა 338%);
- სპირტიანი სასმელები - 57 მლნ დოლარი (წლიური ზრდა 38%);
- მინერალური და მტკნარი წყლები - 51 მლნ დოლარი (წლიური კლება 16%).