LIVE

თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია - რას ვყიდით და ვყიდულობთ

21 იან 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1373
თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია - რას ვყიდით და ვყიდულობთ

საგარეო ვაჭრობის 2022 წლის მონაცემებით, თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა 2.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს, საიდანაც 2.4 მილიარდი დოლარი იმპორტზე მოდის. საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი მხოლოდ 435.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

უფრო დეტალურად, საიმპორტო პარტნიორებში თურქეთი ასევე პირველ პოზიციაზეა. საქართველოს მიერ ნაყიდი საქონლის 17.6% სწორედ თურქეთიდანაა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2022 წელს თურქეთიდან იმპორტი 29.6%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საქონელს, რომელსაც თურქეთიდან დიდი რაოდენობით ვყიდულობთ:

  • მსუბუქი ავტომობილები: $105.4 მლნ;
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები: $73.2 მლნ
  • შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები: $53.8 მლნ;
  • შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები: $47.5 მლნ;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები: $47 მლნ.

ექსპორტის  მიმართულებით, თურქეთი მეხუთე უმსხვილესი პარტნიორია და მასზე მთლიანი ექსპორტის 7.8% მოდის. საქართველოდან თურქეთში ექსპორტი გასულ წელს 34.9%-ით გაიზარდა, უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები კი შემდეგია:

  • ელექტროენერგია: $79.6 მლნ;
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი: $72.7 მლნ;
  • ფეროშენადნობები: $60.3 მლნ;
  • ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის: $43.6 მლნ;
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან: $18.2 მლნ.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მლრდ 43 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში თურქეთს რუსეთი მოსდევს.