LIVE

ჩინეთის მოსახლეობა, 60 წლის განმავლობაში, პირველად შემცირდა

17 იან 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 978
ჩინეთის მოსახლეობა, 60 წლის განმავლობაში, პირველად შემცირდა

ჩინეთის მოსახლეობა, 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 2022 წელს პირველად შემცირდა.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა 850 000-ით შემცირდა და ამჟამად 1,4 მილიარდს შეადგენს. 

ანალიტიკოსების შეფასებით, 1961 წლის შიმშილის შემდეგ, ეს პირველი შემცირებაა ქვეყნის ისტორიაში. ისინი ვარაუდობენ, რომ კლების ტენდენცია გაგრძელდება. 

„მომავალ წლებში მოსახლეობა სავარაუდოდ შემცირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც გავლენას ახდენს ეკონომიკის პოტენციურ ზრდასა და შიდა მოთხოვნაზე“, - ამბობს Pinpoint Asset Management-ის პრეზიდენტი და მთავარი ეკონომისტი, ჟივეი ჟანგი. 

მოსახლეობის სტატისტიკასთან ერთად, რეკორდულად შემცირდა შობადობაც. 2022 წელს ყოველ 1000 ადამიანზე ახალშობილთა რიცხვმა 6,77 შეადგინა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 7,52 იყო.

2022 წელს ჩინეთში დაახლოებით 9,56 მილიონი ბავშვი დაიბადა, 2021 წელს კი - 10,62 მილიონი.

გასულ წელს ჩინეთში დაბადებულთა რიცხვს გარდაცვლილთა რიცხვმა (10,41 მილიონი) გადააჭარბა. 

ახალშობილთა შემცირებული მაჩვენებელი ჩინეთის მთავრობას შობადობის წახალისებისკენ უბიძგებს.

მოსახლეობის შემცირებული სტატისტიკის გამოქვეყნება დაემთხვა გაუარესებული ეკონომიკის მაჩვენებლების გამოცხადებას. ჩინეთის ეკონომიკა ერთი წლის განმავლობაში 3%-ით გაიზარდა, რაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.