LIVE

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Goldman-ი ათასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს

09 იან 202314:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 484
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Goldman-ი ათასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, ამერიკული Goldman Sachs-ი ათასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს.

როგორც Reuters ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რთული ეკონომიკური გარემოსთვის მზადების პროცესში, კომპანია ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას ოთხშაბათიდან დაიწყებს.

საბოლოოდ რამდენ დასაქმებულზე აისახება გადაწყვეტილება უცნობია, თუმცა ერთ-ერთი წყაროს თანახმად, შემცირება 3 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შეეხება.

Bloomberg News-ის ინფორმაციით, Goldman Sachs-ი დაახლოებით 3 200 პოზიციის გაუქმებას გეგმავს.

შემცირებები სავარაუდოდ ბანკის ძირითად განყოფილებებს შეეხება, თუმცა უფრო მეტად საინვესტიციო განყოფილებაზე იქნება ორიენტირებული. გლობალური ფინანსური ბაზრების არასტაბილურობის ფონზე, წამყვანი ბანკებისთვის კორპორატიული გარიგებების აქტივობა მნიშვნელოვნად შენელდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს კომპანიამ დასაქმებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა და მესამე კვარტლის ბოლოს 49 100 ადამიანს ასაქმებდა.

ბანკმა 2022 წლის სექტემბერში განაახლა სამუშაო ადგილების შემცირების ყოველწლიური პროგრამა, რომელიც პანდემიის დროს ორი წლის განმავლობაში იყო შეჩერებული. Wall Street-ის გიგანტი, ტრადიციულად ყოველწლიურად პერსონალის 1%-დან 5%-მდე ამცირებს, რასაც ახალი გაშვებების სერიაც ემატება.