LIVE

გამოკითხულები მასკის გადადგომას მხარს უჭერენ - მასკი გამოკითხვის წესებს ცვლის

20 დეკ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 484
გამოკითხულები მასკის გადადგომას მხარს უჭერენ - მასკი გამოკითხვის წესებს ცვლის

ილონ მასკი გამოკითხვის შედეგს წესის ცვლილებით ეხმაურება. 

გუშინ მილიარდერმა Twitter-ის მომხმარებლებს სთხოვა, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიეღოთ და გადაეწყვიტათ, დაეტოვებინა თუ არა თანამდებობა. 

გამოკითხვაში მონაწილეობა 17.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათგან 57%-მა კითხვას დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 43%-მა უარყოფითი. 

გამოკითხვის დასრულების შემდეგ, რამდენიმე საათი მასკი დუმილს ინარჩუნებდა, რასაც მოჰყვა კომენტარი, რომ მომავალში Twitter-ის პოლიტიკასთან დაკავშირებულ გამოკითხვებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ Twitter Blue ფასიანი სერვისის გამომწერებს ექნებათ. 

მილიარდერს არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებება აქვს მიღებული Twitter-ის გამოკითხვებზე დაყრდნობით. ერთ-ერთი ბოლო ასეთი გამოკითხვა მან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის აღდგენის შესახებ ჩაატარა. უმრავლესობამ მისი დაბრუნება ისურვა. Twitter-მა ანგარიში აღადგინა, თუმცა ტრამპს ჯერ არაფერი დაუწერია.

ტრამპის ანგარიშის აღდგენას საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ისევე როგორც მასკის მიერ Twitter-ზე 50-ზე მეტი დღის განმავლობაში მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებას.  

მასკის მიერ განხორციელებული ცვლილებების გამო, პლატფორმაზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს მსხვილმა კომპანიებმა, მათ შორის, General Motors-მა, Volkswagen-მა, Pfizer-მა და General Mills-მა.   

მათთვის მიუღებელია ახალი მფლობელის გადაწყვეტილებები, რომლებიც თანამშრომლების ნახევრის გათავისუფლებას, ფასიანი ვერიფიკაციის სერვისის შემოღებას და რეკლამის მოდერაციის პოლიტიკის შემსუბუქებას გულისხმობს, რამაც ქსელში ყალბი ანგარიშების გამრავლება გამოიწვია. ამავდროულად, მასკის სურვილი, ქსელი სიტყვის თავისუფლების ადგილად იქცეს, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გავრცელების რისკს ზრდის.  

ილონ მასკმა Twitter ოქტომბრის ბოლოს $44 მილიარდად იყიდა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი თვითონ იქნებოდა.

მასკმა, რომელიც Tesla-სა და Space Exploration Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორიც არის, Twitter-ის შეძენის შემდეგ თავისი დროის დიდი ნაწილი სოციალური მედიის პლატფორმას დაუთმო, რამაც მის მმართველობაში არსებული სხვა კომპანიების ინვესტორების კრიტიკა გამოიწვია. Tesla-ს აქციების ფასი წელს 54%-ით შემცირდა. ასევე შემცირდა Tesla-ში მასკის წილიც. Refinitiv-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 17%-დან 13,4%-მდე ჩამოვიდა. 

გასულ კვირას ილონ მასკმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა. Bloomberg-ის მონაცემებით, მისი ქონება ახლა $155 მილიარდს შეადგენს და მილიარდერების სიაში მე-2 ადგილს იკავებს. მას $162 მილიარდით ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარ არნო უსწრებს.