LIVE

ვინ არის პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო

16 დეკ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1260
ვინ არის პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო
Nathan Laine/Bloomberg

ფრანგული ფუფუნების ბრენდის, LVMH-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. მან პირველობა ილონ მასკს მიმდინარე კვირაში ჩამოართვა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, არნოს ქონება ახლა $165 მილიარდს შეადგენს, ხოლო მასკის - $161-ს. 

Bloomberg-ის მონაცემებითვე, მიმდინარე წელს მასკის წმინდა ქონება $107 მილიარდით, არნოს ქონება კი $7 მილიარდით შემცირდა.  

მილიარდერების ქონების ვარდნა პირდაპირ კავშირშია მათი კომპანიების აქციების გაუფასურებასთან. Tesla-ს აქციების ფასი წელს 54%-ით დაეცა, ხოლო LVMH-ის აქციები სტაბილურად შენარჩუნდა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გაყიდვების კარგი მაჩვენებლით აიხსნება. მზარდი ინფლაციის ფონზე, ფუფუნების ბაზარი მიმდინარე წელს სტაბილური აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად შეძლებულმა მყიდველებმა ხარჯვის ჩვევები შეცვალეს. LVMH-ის საბაზრო ღირებულება ახლა $362,4 მილიარდი ევროა ($386 მილიარდი).  

ჩრდილოეთ საფრანგეთში დაბადებულ 73 წლის ბიზნესმენს განათლება საფრანგეთის უმაღლეს პოლიტექნიკურ სკოლაში აქვს მიღებული. მისი კარიერა საოჯახო სამშენებლო კომპანიით იწყება. არაერთი დაწინაურების შემდეგ, 1978 წელს ის Ferret-Savinel-ის თავმჯდომარე გახდა.  

ექვსი წლის შემდეგ, მან შეიტყო, რომ საფრანგეთის მთავრობა Boussac Saint-Freres-ისთვის ახალ ინვესტორს ეძებდა. ტექსტილის გაკოტრებული ჯგუფის ძირითადი აქტივი ცნობილი ფრანგული მოდის სახლს, Christian Dior-ს მოიცავდა.  

არნომ ჯგუფის საკონტროლო პაკეტი შეიძინა, ის ისევ მომგებიანად აქცია და მოდის კომპანიის განვითარებას შეუდგა. 

არნომ LVMH-ის საკონტროლო პაკეტი იყიდა 1989 წელს, ორი წლის შემდეგ, რაც ჯგუფი Louis Vuitton-ისა და Moët Hennessy-ის შერწყმით ჩამოყალიბდა. მას შემდეგ ის კომპანიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია.  

მიუხედავად იმისა, რომ ის მაშინ ბევრისთვის უცნობი იყო, სახელი გაითქვეს ბრენდებმა, რომლებიც არნომ მნიშვნელოვნად განავითარა. 

გასული 30 წლის განმავლობაში, არნომ LVMH ფუფუნების ნივთების ცენტრად აქცია. ის მოიცავს 75 ბრენდს, რომლებიც ყიდიან სხვადასხვა სახის პროდუქტს: ღვინოს, ალკოჰოლურ სასმელებს, ტანსაცმელს და აქსესუარებს, ტყავის ნაწარმს, სუნამოებს, კოსმეტიკას და ა.შ. 

1992 წელს მან პეკინში გახსნა ჩინეთში პირველი Louis Vuitton-ის მაღაზია.  

2021 წლის იანვარში, ჯგუფმა $15,8 მილიარდად ამერიკული საიუველირო კომპანია Tiffany & Co შეიძინა, რაც ფუფუნების ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი გარიგებაა. 

არნო ქველმოქმედებას ძირითადად LVMH-ის სახელით ეწევა. ამ მხრივ, მისთვის პრიორიტეტი ხელოვნება და კულტურაა. ხანძრის შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 2019 წელს ჯგუფმა 200 მილიონი ევრო ($212 მილიონი) გაიღო.  

არნო დიდი ხანია ევროპის უმდიდრესი ადამიანია. ის არ არის აქტიური სოციალური მედიის არცერთ წამყვან პლატფორმაზე.  

ოქტომბერში მან LVMH-ს კუთვნილ რადიო Classique-ს განუცხადა, რომ გაყიდა თავისი პირადი თვითმფრინავი, რადგან Twitter-ზე მისი ხშირი გამოყენების გამო, არცხვენდნენ. 

Bloomberg-ის ცნობით, არნო დაქორწინებულია და ჰყავს ხუთი შვილი, ყველა მათგანი ამჟამად მუშაობს LVMH-ში ან მის ერთ-ერთ ბრენდში.