LIVE

დავითაშვილი: საგადასახადო პოლიტიკას სიტუაციიდან გამომდინარე ვაკორექტირებთ

06 დეკ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 549
დავითაშვილი: საგადასახადო პოლიტიკას სიტუაციიდან გამომდინარე ვაკორექტირებთ

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკას არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აკორექტირებს.

დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ ბანკებისთვის მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გაუქმება და მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდა ადეკვატური პოლიტიკაა.

"გუშინ ფინანსთა მინისტრმა მთავრობაზე ცვლილებების პაკეტი წარადგინა, გარკვეული ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში იგეგმება - საგადასახადო შეღავათები გადავადდა, დაკორექტირდა ესტონური მოდელი ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის მიერ ეს ცვლილებები, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დამტკიცდება. ეს ადეკვატური პოლიტიკაა იმ რეალობაზე, რომელიც გვაქვს, ანუ სახელმწიფო, სიტუაციიდან გამომდინარე აკორექტირებს პოლიტიკას, იმისთვის რომ ქვეყანაში, ერთი მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობა, მეორე მხრივ კი შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა და მდგრადობა. დღეს ჩვენი ბიუჯეტის სულისკვეთება სწორედ ეს არის. ამას ეხება მთავარი აქცენტები, რადგან მსოფლიოში ძალიან დიდი გაურკვევლობაა. ამიტომ მოწყვლად ჯგუფებს სწორ საკომპენსაციო პაკეტებს ვთავაზობთ, ამავე დროს საქართველოს ბიუჯეტში შენარჩუნებულია აქცენტი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ კაპიტალურ დანახარჯებზე, რათა ეკონომიკამ მომავალში ზრდა გააგრძელოს და მდგრადი იყოს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბანკებისთვის მოგების გადასახადი აქამდე არსებული 15%-ის ნაცვლად, 20% გახდება. ამასთან, ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ და აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი გაუქმდება. გადაწყვეტილების არგუმენტად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბანკების "გაუმართლებლად მაღალ მოგებას" ასახელებს.