LIVE

ღარიბაშვილი: 15%-ის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20% იქნება

05 დეკ 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1582
ღარიბაშვილი: 15%-ის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20% იქნება

მთავრობა ბანკებს მოგების გადასახადს უზრდის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბანკებისთვის მოგების გადასახადი აქამდე არსებული 15%-ის ნაცვლად, 20% გახდება.

"პარლამენტს მივმართავთ, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა. ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

რა თქმა უნდა, ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი დალისტულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. მათ ხელშეწყობას მომავალშიც გავაგრძელებთ",- განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისივე თქმით, ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ და აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი გაუქმდება.

„ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. პარლამენტში შევდივართ ინიციატივით, რომ ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდეს. რადგან უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ - წელს ბანკების წმინდა მოგება 2 მილიარდი ლარი იქნება",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. აღნიშნული რეფორმის მიხედვით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. მაშინ ითქვა, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მოდელი 2019 წელს ამოქმედდებოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიწია.