LIVE

Credit Suisse-ის მტკიცებით, სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია გადაჭარბებულია

06 დეკ 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 349
Credit Suisse-ის მტკიცებით, სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია გადაჭარბებულია

Credit Suisse Life-ის ადვოკატი ამტკიცებს, რომ თანხა, რომელიც სასამართლომ ბანკს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის ასანაზღაურებლად დააკისრა, გადაჭარბებულია და არ ასახავს იმ მოგებას, რაც მილიარდერს, თანხის სწორად მართვის შემთხვევაში ექნებოდა. 

ბერმუდის სასამართლოში საქმის განხილვა გუშინ დაიწყო და, სავარაუდოდ, ერთი კვირა გაგრძელდება. 

ჩარლზ ფალკონერი, ლონდონელი ადვოკატი გუშინ პროცესზე ამტკიცებდა, რომ გაანგარიშება ზედმეტად გამარტივებულია. 

Credit Suisse-ს თანხა უკვე გადარიცხული აქვს escrow ანგარიშზე, სადაც კომპენსაცია სასამართლო დავის დასრულებამდე გაყინული რჩება.  

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წელს მოიგო $607 მილიონიანი საქმე ბერმუდის სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ Credit Suisse-ის ადგილობრივმა სიცოცხლის დაზღვევის ერთეულმა "თვალი დახუჭა" მისი ყოფილი ბანკირის, პატრის ლესკოდრონის თაღლითობაზე. 

CS Life Bermuda-ს ადვოკატმა ივნისში განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ შეზღუდული იყო ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა. მისი განცხადებით, კომპენსაცია უნდა დაკმაყოფილდეს, მხოლოდ აქტივების სეგრეგირებული ანგარიშებიდან, რომელიც ივანიშვილისთვის შეიქმნა, რაც ივანიშვილის მხარისთვის მიუღებელი იყო. 

ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის ჯგუფის კერძო ბანკინგის კლიენტი იყო.

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია ბანკის ყოფილი თანამშრომლის, პატრიკ ლესკოდრონის მინიმუმ ხუთი მდიდარი დაზარალებულიდან, რომლებმაც 2015 წელს თაღლითობის გამჟღავნებამდე ჯამში ასობით მილიონი დაკარგეს.