LIVE

OPEC+-მა ნავთობის წარმოების დონე უცვლელად დატოვა

04 დეკ 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 451
OPEC+-მა ნავთობის წარმოების დონე უცვლელად დატოვა

OPEC+ ჯგუფის ქვეყნები დღევანდელ შეხვედრაზე ნავთობის წარმოების დონის უცვლელად დატოვებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

The Wall Street Journal-მა ნოემბრის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ OPEC ჯგუფის წევრი სახელმწიფოები და მისი მოკავშირეები 4 დეკემბრის შეხვედრაზე ნავთობის დღიური მოპოვების 500,000 ბარელამდე გაზრდას განიხილავდნენ.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა უარყო და განაცხადა, რომ ზრდის ნაცვლად, ფასის შენარჩუნების მიზნით, შესაძლებელი იყო მოპოვების კიდევ უფრო მეტად შემცირება.  

23 ქვეყნის ჯგუფმა, რომლის წევრი რუსეთიც არის, საწვავზე ფასის შენარჩუნების მიზნით, ნოემბრიდან 2023 წლის ბოლომდე ნავთობის მოპოვება დღეში 2 მილიონი ბარელით შეამცირა, რასაც აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების კრიტიკა მოჰყვა, რადგან შემცირებული საწვავი კიდევ უფრო ზრდის ამ ქვეყნებში სამომხმარებლო ფასებს. 

რუსულ ნავთობზე სანქციების ამოქმედებისა და ნავთობის უდიდეს იმპორტიორ ქვეყანაში, ჩინეთში ცვალებადი კოვიდპოლიტიკის ფონზე, ჯერჯერობით გაურკვეველია რა გავლენა იქონია ამ შემცირებამ ნავთობის ფასზე.

ხვალიდან ძალაში შედის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს  ტანკერებით გადაზიდულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას. 

რამდენიმეთვიანი მსჯელობის შედეგად, გუშინ G7-ის ქვეყნები და ავსტრალია რუსული ნავთობის ზედა ზღვარზე შეთანხმდა - 1 ბარელი რუსული ნავთობი $60 იქნება. მოსკოვი იმუქრება, რომ ამ ნაბიჯს უპასუხოდ არ დატოვებს.