LIVE

OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას დღეში 2 მილიონი ბარელით შეამცირებენ

05 ოქტ 202217:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 573
OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას დღეში 2 მილიონი ბარელით შეამცირებენ

OPEC+-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნოემბრიდან დღე-ღამის განმავლობაში ნავთობის მოპოვებას 2 მილიონი ბარელით შეამცირებენ. ამ ნაბიჯით ჯგუფი ნავთობის ფასის ვარდნის შეჩერებას ცდილობს. 

ჯგუფის განმარტებით, გადაწყვეტილება ემყარება "გაურკვევლობას, რომლითაც მოცულია გლობალურ ეკონომიკა და ნავთობის ბაზრის პერსპექტივა".

სიახლის შემდეგ, ნავთობის ფასმა ლონდონში ვაჭრობისას 0.6%-ით მოიმატა და $92.37-ს მიაღწია.  

ნავთობის ფასმა მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ OPEC+ ნავთობის მოპოვების შემცირებას აპირებდა.

სექტემბრამდე სამი თვის განმავლობაში ნავთობის ფასი მეოთხედით შემცირდა, რაც შენელებული ეკონომიკის ფონზე, შემცირებული მოთხოვნით აიხსნება.

დღევანდელი გადაწყვეტილება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ნავთობის მოპოვების ყველაზე მასშტაბური შემცირებაა.

სიახლემ უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ში, სადაც ენერგიის გამო, ისედაც გაზრდილმა სამომხმარებლო ფასებმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ "პრეზიდენტი იმედგაცრუებულია OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით, შეემცირებინა წარმოების კვოტები მაშინ, როცა გლობალური ეკონომიკა პუტინის უკრაინაში შეჭრის გამო, მიმდინარე უარყოფით გავლენას უმკლავდება."

ბაიდენის ადმინისტრაციის თანახმად, გადაწყვეტილება ყველაზე მძიმედ აისახება დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე, სადაც ინფლაციური წნეხი ძლიერია. 

სექტემბრის ბოლო შეხვედრაზე OPEC+-მა ნავთობის წარმოება სიმბოლური 100 000 ბარელით შეამცირა. ამან ფასის სტიმულირება ვერ შეძლო, მაგრამ ეს ბაზრისთვის იყო ნიშანი, რომ თუ ნავთობი ისევ გაიაფდებოდა, ჯგუფს ამაზე რეაგირება ექნებოდა. 

OPEC+-ის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების ვენის შტაბ-ბინაში გამართული დღევანდელი შეხვედრა არის ალიანსის პირველი პირისპირ შეკრება 2020 წლის მარტის შემდეგ. ჯგუფი ყოველთვიურად ონლაინ რეჟიმში იკრიბებოდა და პირისპირ შეხვედრა მინიმუმ წლის ბოლომდე მოსალოდნელი არ იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სალმა ელ ვარდანი, გრანტ სმიტი, ბენ ბარტენშტეინი და ფიონა მაკდონალდი