LIVE

საუდის არაბეთი ნავთობის წარმოების გაზრდის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

22 ნოე 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 374
საუდის არაბეთი ნავთობის წარმოების გაზრდის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, OPEC ჯგუფის წევრი სახელმწიფოები და მისი მოკავშირეები ნავთობის დღიური მოპოვების 500,000 ბარელამდე გაზრდას განიხილავენ. ამის შესახებ გამოცემა ჯგუფის დელეგატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ საკითხზე მსჯელობა 4 დეკემბერს იგეგმება. ეს შეხვედრა ერთი დღით უსწრებს ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების ამოქმედებას და „დიდი შვიდეულის“ მიერ რუსულ საწვავზე ზედა ზღვის დაწესებას, რაც პოტენციურად, რუსეთის ბაზრიდან განდევნას ნიშნავს. 

The Wall Street Journal-ისა და სხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა უარყო. Saudi Press Agency-ის თანახმად, მინისტრის განცხადებით, ნავთობის შემცირებასთან დაკავშირებით OPEC+-ის გადაწყვეტილების გადახედვა დაგეგმილი არ არის. მისივე თქმით, ფასის შენარჩუნების მიზნით, შესაძლებელია, მოპოვების კიდევ უფრო მეტად შემცირება.  

„OPEC+-ის მიერ დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების 2 მილიონი ბარელით შემცირება გრძელდება 2023 წლის ბოლომდე. წარმოების შემცირების გზით, მიწოდებისა და მოთხოვნის დასაბალანსებლად, თუ საჭირო გახდება დამატებითი ზომების მიღება, ჩარევისთვის ყოველთვის მზად ვართ“, - თქვა მან.

OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობის 2 მილიონი ბარელით შემცირებაზე ოქტომბერში შეთანხმდნენ. ამ ნაბიჯით ჯგუფი ნავთობის ფასის ვარდნის შეჩერებას ცდილობს. ამან ბაზრებზე ნავთობის ფასი მართლაც გაზარდა, თუმცა ეფექტი დროებითი აღმოჩნდა. ბოლო პერიოდში, ნავთობის ფასის ვარდნას ძირითადად ჩინეთში შემცირებული მოთხოვნა იწვევს.  

დღეს Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები 0,3%-ით გაიზარდა და $87,75 შეადგინა. აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის იანვრის ფიუჩერსები კი 0,1%-ით, $80,13-მდე გაიზარდა.  

OPEC+ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრებს და მათ მოკავშირეებს, მათ შორის რუსეთს, აერთიანებს. 

ჯგუფის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ში, სადაც ენერგიის გამო, ისედაც გაზრდილმა სამომხმარებლო ფასებმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია.

გასულ კვირას აშშ-მა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი ჟურნალისტ ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებულ სარჩელში იმუნიტეტით სარგებლობს, რამდენადაც ის უცხო ქვეყნის მთავრობის მეთაურია. ამან ქვეყნებს შორის ურთიერთობის დათბობის მოლოდინი გააჩინა.