LIVE

ღარიბაშვილის განცხადება შეტევაა კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ - ჯანდაცვის ექსპერტები

29 ნოე 202216:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 652
ღარიბაშვილის განცხადება შეტევაა კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ - ჯანდაცვის ექსპერტები

ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, პრემიერმინისტრის მიერ PSP-სთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება პოლიტიკური ხასიათისაა და მიმართულია PSP-ს ოპოზიციონერი დამფუძნებლის, კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია გადასამოწმებელია, თუმცა არა ერთი წყაროსგან იცის, რომ PSP-ს სააფთიაქო ქსელში ფარმაცევტები მომხმარებლებს მიზანმიმართულად მაღალფასიან მედიკამენტს სთავაზობენ და თურქულ ანალოგებზე ეუბნებიან, რომ უხარისხოა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მექანიზმი, ანუ ლაბორატორია, არასწორია პრემიერის მხრიდან სააფთიაქო ქსელების დადანაშაულება და კონკრეტულ კომპანიებზე ასეთი ფორმით ხელის დადება.

"როდესაც პრემიერმინისტრი მთავრობის სხდომაზე კონკრეტულ კომპანიას ასახელებს, ეს უკვე მიუღებელია, ეს არის ჭორებზე აგებული ინფორმაცია, ჯერ უნდა შეამოწმონ, ნახონ სხვა აფთიაქებში რა ხდება. ის რომ საქართველოში მედიკამენტის ხარისხს ვერ ვამოწმებთ ცნობილი ამბავია და ვეყრდნობით მხოლოდ იმ დოკუმენტაციას, რომელსაც დისტრიბუტორი კომპანიები წარადგენენ,"- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ვატო სურგულაძე, ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი.

წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის არარსებობაზე საუბრობს სერგო ჩიხლაძეც, მისი განმარტებით, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია ახლა შენდება და რემონტდება, რის გამოც წამლის ნიმუშები ხარისხის დასადგენად სხვა ქვეყნებში იგზავნება, თუმცა ქვეყანაში დაახლოებით 14 000 მედიკამენტია რეგისტრირებული, წელიწადში კი მხოლოდ ათობით წამლის ხარისხის გადამოწმება ხდება შერჩევითი მეთოდით.

"წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია არ გვაქვს და ისიც არ ვიცით როდის დასრულდება, შესაძლებელი იყო ხოლმე წელიწადში, რამდენიმე ათეული ათასობით ლარის გამოყოფით, შერჩევითობის პრინციპით, სამი, ოთხი ან მაქსიმუმ ხუთი მედიკამენტის საზღვარგარეთ გაგზავნა და შემოწმება, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის მაშინ როცა ქვეყანაში 14 000-ზე მეტი რეგისტრირებული მედიკამენტი გვაქვს," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ PSP-ს სააფთიაქო ქსელში მომხმარებლები შეცდომაში შეჰყვათ და ეუბნებიან, რომ თურქული წამლები უხარისხოა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მსგავს ფაქტებზე რეაგირება მკაცრი იქნება.

PSP-ში პრემიერს განცხადებით უპასუხეს და განმარტეს, რომ ღარიბაშვილს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს და PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია.