LIVE

გიდობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ - ასოციაცია

23 ნოე 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 579
გიდობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ - ასოციაცია

"ტურიზმის შესახებ კანონზე", რომლის პროექტი ბიზნესს გასული კვირის ბოლოს წარუდგინეს, კერძო სექტორს გარკვეული შენიშვნები აქვს.

როგორც გიდების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირინა ივანიძემ "ბიზნეს ფორმულას" ეთერში განაცხადა, ბიზნესს სურს, კანონპროექტში ჩაიწეროს პუნქტი, რომლის მიხედვითაც გიდობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის მოწმობის მქონე პირს ექნება.

"არ ვემხრობით, რომ გიდის პროფესიით საქმიანობა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეძლოთ. ვფიქრობთ და რეკომენდაციების სიაშიც დავამატეთ, რომ გიდი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლება უნდა ჰქონდეს. ამას ემატება ენობრივი კომპეტენციის დონეც, გიდმა უნდა იცოდეს ქართული. პროექტის შემუშავებამდე აღნიშნული რეკომენდაცია გავუგზავნეთ ავტორებს, თუმცა კანონპროექტში ასახული არ არის. აქ ეროვნულ ღირებულებებთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად, ფინანსების პრობლემებიცაა. ეს არის წართმეული შემოსავალი ქართველი გიდებისთვის, რადგან არის შემთხვევები, როდესაც მოთხოვნას პასუხობს უცხოელი გიდი", - განაცხადა ირინა ივანიძემ. 

ამასთან, კერძო სექტორისთვის გაუგებარია, როგორ შემოწმდება გიდობის მსურველის კვალიფიკაცია და რის მიხედვით გაიცემა მათზე სერტიფიკატი.

"კრიტიკული საკითხია და გვაინტერესებს, როგორ გაიცემა, ვინ იქნება კვალიფიკაციის განმსაზღვრელი ორგანო. ჩვენი რეკომენდაციაა, გამოვიყენოთ უკვე არსებული რესურსები, გიდების ასოციაციები, სკოლები, ტრენინგ ცენტრები, რომლებიც აწვდიან კვალიფიციურ ცოდნას დაინტერესებულ პირებს. კვალიფიკაცია კი გამოცდებით უნდა დადასტურდეს", - განაცხადა "გიდების ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირინა ივანიძემ და დასძინა, რომ ტურიზმის ადმინისტრაციისგან აღნიშნულ კითხვებზე პასუხები ჯერ არ მიუღიათ. 

ცნობისთვის, "ტურიზმის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, გიდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები დარეგულირდება და მათი ნებაყოფლობითი სერტიფიცირება დაიწყება.