LIVE

გიდების სერტიფიცირება, ტუროპერატორების რეგულირება - ახალი კანონპროექტის დეტალები

18 ნოე 202216:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 703
გიდების სერტიფიცირება, ტუროპერატორების რეგულირება - ახალი კანონპროექტის დეტალები

"ტურიზმის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, გიდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები დარეგულირდება და მათი ნებაყოფლობითი სერტიფიცირება დაიწყება.

კანონპროექტის ავტორების თქმით, გიდობის უფლება იმ პირს ექნება, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია და არ არის ნასამართლევი განზრახ, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.

ამასთან, შემოდის ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობა, რომელსაც სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასცემს. სამკერდე მოწმობის მფლობელი გიდი სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისთვის დაწესებული გადასახდელებისგან გათავისუფლდება. აღნიშნულ ადგილებში საქმიანობის უფლება კი მხოლოდ ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობის მფლობელს ექნება.

"ტურიზმის არის ახალ ერაშია. მაღალი კონკურენციის პირობებში გვიწევს ოპერირება. აბსოლუტად შეიცვალა ტურისტების ქცევა, მათი მოთხოვნები. მნიშვნელოვანია, ამ ერას მომზადებული შევხვდეთ და კარგი დროა, მომსახურების დონე გავზარდოთ, ევროპულ სტანდარტს მივუახლოვდეთ", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.

კანონი ტურიზმის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, არეგულირებს ტურისტული ოპერატორებისა და ტურისტების ურთიერთობას. პროექტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება, იქონიოს ფინანსური უზრუნველყოფა მისი შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის. იმის დასადგენად, თუ რამდენად ადეკვატურია ტუროპერატორის დაზღვევა ან საბანკო გარანტია, სუბიექტმა კონკურენციის სააგენტოს წლიური და კვარტალური ანგარიში უნდა წარუდგინოს. 

კანონპროექტის მიხედვით, ტუროპერატორის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების ზედამხედველობას კონკურენციის სააგენტო გასწევს, რასაც თავად სააგენტო არ ეთანხმება. 

ტურიზმის შესახებ პროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის დასრულებამდე უნდა ინიცირდეს, თუმცა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პროექტი პარლამენტში გაზაფხულზე დარეგისტრირდეს.