LIVE

საქართველოში რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდება - დეტალები

21 ნოე 202212:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 938
საქართველოში რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდება - დეტალები

2023 წელის პირველი სექტემბრიდან რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდება.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები 2023 წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილოს.

„ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებმა მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ, რასაც უწყების 2020-2030 წლების სტრატეგიაც ითვალისწინებს. ამ მართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტებზე“,- აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრება.