LIVE

ექიმი საათში ₾7, ექთანი ₾4.4 - სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასი წესდება

21 ნოე 202211:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 2835
ექიმი საათში ₾7, ექთანი ₾4.4 - სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასი წესდება

2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრება.

რეფორმის მიხედვით, მომავალი წლიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკის ხელმძღვანელობა ვალდებული იქნება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს. 

სამინისტროს ინფორმაციით, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი მომდევნო წლებში, ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში - 9 ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შრომითი ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დადგენის მიზნით სამინისტრომ საერთაშორისო გამოცდილება შეისწავლა. ასევე, გაეცნო საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კერძო კლინიკებში არსებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ექიმის ხელფასი საათში 5.5 ლარიდან 6.2 ლარამდე მერყეობს. ექთნის და სხვა სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასის ოდენობა კი ექიმის შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროცენტით არის განსაზღვრული. 

აღსანიშნავია, რომ მინიმალური საათობრივი ანაზღაურების პრაქტიკა პირველი აგვისტოდან უკვე მოქმედებს დიდ სახელმწიფო კლინიკებში - თბილისის, ბათუმისა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოებსა და ქუთაისის ო. ჩხობაძის მრავალპროფილურ ცენტრში, სადაც დასაქმებული მედპერსონალისთვის, არსებული მინიმალური სახელფასო ანაზღაურება დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა. 

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი სახელფასო სისტემის დანერგვის შედეგად, მინიმალური ანაზღაურება შემდეგია:

  • ექიმი - საათში 9 ლარი, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია.
  • უმცროსი ექიმი - საათში 6 ლარი, თვეში კი - 1 080 ლარი.
  • ექთანი - საათში - 5.75 ლარი, თვეში - 1035 ლარი.
  • ექთნის დამხმარე - საათში 3 ლარი, თვეში - 540 ლარი.
  • სანიტარი - საათში 2.80 ლარი, თვეში - 504 ლარი.