
ნავთობის ფასი დღეს ბარელზე კიდევ $1-ით შემცირდა და ორთვიან მინიმუმამდე დაეცა.
ბრენტის ტიპის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები 87 ცენტით, ანუ 1%-ით შემცირდა და ბარელზე $86,75 შეადგინა. აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნედლი ნავთობის დეკემბრის ფასმა ასევე 87 ცენტით, ანუ 1,1%-ით იკლო და $79,21-მდე ჩამოვიდა. იანვრის კონტრაქტის ფასმა კი ბარელზე $79,42 შეადგინა, რაც 69 ცენტიან (0,9%-იან) კლებას ნიშნავს.
ანალიტიკოსების განმარტებით, ნავთობის ფასის კლების მიზეზი უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაში, ჩინეთში COVID-რეგულაციების გახანგრძლივების გამო, მოთხოვნის შესუსტება და აშშ დოლარის გამყარებაა. ჩინეთი ვირუსის გავრცელებას ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში ებრძვის. COVID-19-ის ინფიცირების შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში აპრილის პიკს უახლოვდება. მზარდი ტენდენციის გამო, მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ამასთან, აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ზრდის მოლოდინი ამყარებს აშშ დოლარს, რის გამოც, დოლარში დენომინირებული საქონელი ინვესტორებისთვის უფრო ძვირი ხდება და მიმზიდველობას კარგავს.