LIVE

ჰოტელიერი: კვალიფიციური კადრების დეფიტიცის გამო დასაქმებულების გადამზადება თავად დავიწყეთ

20 ნოე 202214:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 744
ჰოტელიერი: კვალიფიციური კადრების დეფიტიცის გამო დასაქმებულების გადამზადება თავად დავიწყეთ

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარგში კვლავ მწვავედ დგას კადრების დეფიციტის პრობლემა.

როგორც სასტუმრო „გუდაური ლოფტის“ და ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა, მაია მურაჩაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დარგში ხელფასების ზრდა ფიქსირდება, კომპანიებს კვალიფიციური კადრების მოძიება მაინც უჭირთ.

ჰოტელიერი აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად, მათ თავად დაიწყეს დასაქმებულების გადამზადება და ტრენინგი.

„ახლაც ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს კადრების მოძიების მიმართულებით. რასაც ვაკეთებდით 2011-2012 წლებში, როცა თავად ვამზადებდით და ვატრენინგებდით კადრებს, ახლაც იმავეს კეთება გვიწევს. როგორც იცით, პანდემიის, 2020 წლის შემდეგ ჩვენს სექტორში დასაქმებული არაერთი ადამიანი ქვეყნიდან წავიდა ან სხვა დარგში გადაინაცვლა. შესაბამისად, ახლა გვიწევს, რომ თავად ვასწავლოთ კადრებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს დარგში ხელფასები გაზრდილია, ჩვენც მოგვიწია მატება, რადგან ვიცით, რომ ფასები ყველაფერზე ძალიან გაზრდილია. თუმცა ანაზღაურების ზრდის ფონზეც, კადრების მწვავე დეფიციტია, მით უმეტეს კვალიფიციური კადრების, ადამიანების, რომლებმაც ეს საქმე იციან“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

ცნობისთვის, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გამწვავდა კვალიფიციური კადრების და მუშახელის დეფიციტის პრობლემა. ამასთან, ბიზნესის ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ქვეყნიდან კადრების გადინების და აღნიშნული პრობლემის გადაჭრისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, მათ შორის შეამციროს საშემოსავლო გადასახადი.