LIVE

შემცირდეს ან გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი - ბიზნესის რჩევა მთავრობას

23 ოქტ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1024
შემცირდეს ან გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი - ბიზნესის რჩევა მთავრობას

ქვეყნიდან კადრების გადინების ფონზე ადგილობრივი ბიზნესის ნაწილი მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემის მოგვარება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი.

სამშენებლო კომპანია "არსის" გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი გამოსავალი შესაძლოა საშემოსავლო გადასახადის დროებით შემცირება ან სრულად გაუქმება იყოს.

"ქვეყანას ბევრი ადამიანი ტოვებს, რასაც არაერთი მიზეზი აქვს. იმისთვის რომ კადრების გადინება გარკვეულწილად შევანელოთ მაინც, გარკვეული შეღავათების დაწესებაა აუცილებელი. მაგალითად, დროებით შემცირდეს ან გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი. ასეთ შემთხვევაში ადამიანების განკარგვადი ხელფასი გაიზრდება. ეს ინიციატივა ეკონომიკურადაც რომ შევაფასოთ, ბიუჯეტისთვის დიდი ზიანის მომტანი არ იქნება, რადგან ადამიანებს დასახარჯად უფრო მეტი ფული დარჩებათ ჯიბეში. მაგალითად, ჩვენს კომპანიაში ვაპირებთ, რომ წლის ბოლოს დასაქმებულებს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, თუ რა თანხა მიდის მათი ხელფასებიდან ბიუჯეტში. ამის შედეგად, მათთვის უფრო აღქმადი იქნება რა თანხებს უხდიან სახელმწიფოს", - განმარტავს ბესო ორთოიძე "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას

დასაქმებულებისთვის გარკვეული ტიპის შეღავათების ამოქმედების მომხრეა სასტუმრო "კოსტეს" დამფუძნებელი თამარა ბაღდავაძეც. მისივე თქმით, მიღმა გადასახადებისა, შესაძლებელია სადაზღვევო თუ საპენსიო პაკეტების გადახედვაც.

​"ასეთი რთული ვითარება მართლა არასდროს გვქონია, თუმცა ხალხის გარკვეულმა რაოდენობამ მაინც რომ შეიკავოს თავი ქვეყნიდან გასვლაზე, ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად შეგვიძლია მათ დამატებითი სარგებელი შევთავაზოთ. მაგალითად, განახლებული და მიმზიდველი სადაზღვევო თუ საპენსიო პაკეტები, შეღავათები სხვადასხვა მომსახურებაზე და ა.შ. ცხადია, ამ პროცესში, ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი (იგივე სადაზღვევო კომპანიები). ანუ, საბოლოო ჯამში, უნდა შემუშავდეს რაღაც ერთიანი სტრატეგია, გეგმა, რომელსაც მივყვებით და რომლის მიზანიც ქვეყნიდან კადრების გადინების შემცირება იქნება", - ამბობს თამარა ბაღდავაძე. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბიზნესის დიდი ნაწილი საუბრობს კადრების დეფიციტზე. ამბობენ იმასაც, რომ იძულებულნი ხდებიან უცხოელი მიგრანტები დაასაქმონ. 

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ძალა პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით, წლიურ ჭრილში 6.8%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს რომ ქვეყანას 102 500 შრომისუნარიანი მოქალაქე გამოაკლდა. კლების ტენდენცია შეინიშნება წინა კვარტალთან შედარებითაც, სამუშაო ძალა 45 400 ადამიანით შემცირდა და ჯამურად მილიონ-ნახევარი ადამიანი შეადგინა.