LIVE

ევროკავშირი და გაერო რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებენ

30 ოქტ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 522
ევროკავშირი და გაერო რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეულ შეთანხმებას, რადგან ეს ნაბიჯი აღრმავებს მსოფლიო სასურსათო კრიზისს. 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო მარშრუტს, რომელიც აუცილებელია გლობალური სასურსათო კრიზისის საპასუხოდ.

"ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება", - წერს ბორელი. 

შეთანხმების გაგრძელებისკენ რუსეთს გაეროც მოუწოდებს. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებას წყვეტს. უწყების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან ანექსირებულ სევასტოპოლში, შავ ზღვაში რუსულ გემებზე დრონებით თავდასხმის შემდეგ მიიღეს.  

გაეროსა და თურქეთის შუამავლობით ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი 1 აგვისტოდან განახლდა. 

უკრაინის მთავრობის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტამბოლში დადებული მარცვლეულის შეთანხმების შედეგად, 1 აგვისტოს შემდეგ, უკრაინული პორტებიდან სულ 380 გემი გავიდა. მათ ჯამში აფრიკის, აზიის და ევროპის ქვეყნებს 8,5 მილიონი ტონა საკვები პროდუქტი მიაწოდეს.