LIVE

ხუციშვილი: საწვავის შემოტანისას იმპორტიორების მოტივაცია მხოლოდ ფასია

14 ნოე 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 393
ხუციშვილი: საწვავის შემოტანისას იმპორტიორების მოტივაცია მხოლოდ ფასია

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საწვავის იმპორტიორებს საქართველოში საწვავი იმ ქვეყნიდან შემოაქვთ, სადაც ნავთობპროდუქტები ყველაზე იაფია. მისი თქმით, რუსეთიდან საწვავის მაღალი იმპორტი საფრთხის შემცველი არ არის.  

„როცა დივერსიფიცირებაზე და დივერსიფიცირების შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ალბათ იგულისხმება ისეთი პროდუქტები, რომლებზეც თეორიულად შეიძლება დეფიციტი არსებობდეს. ნავთობპროდუქტი არ არის ისეთი საქონელი, რომელზეც შესაძლებელია, დეფიციტი იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი მწარმოებელი ჰყავს. ამასთან, ბევრი იმპორტიორი და ექსპორტიორია ნავთობპროდუქტებთან, კონკრეტულად კი საწვავთან მიმართებაში. 

ბიზნესოპერატორების მოტივაცია, კონკრეტული ადგილიდან შემოიტანონ ესა თუ ის საწვავი, არის მხოლოდ და მხოლოდ ფასი. იქიდან გამომდინარე, რომ სადაც ყველაზე იაფია, ბუნებრივია, კომერციული ოპერატორები იმპორტს იმ ქვეყნიდან ახორციელებენ. თუ სამართლებრივ ჩარჩოზე ვსაუბრობთ, სანამ ლეგალურია კონკრეტული ქვეყნიდან ამა თუ იმ საქონლის იმპორტი, კერძო სექტორი ამას ახორციელებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთიდან განხორციელდა. 9 თვეში ადგილობრივ ბაზარზე 429,4 ათასი ტონა რუსული საწვავი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 49,5%-ია.