LIVE

რეცესია გადაიდო - III კვარტალში გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით გაიზარდა

30 ოქტ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 531
რეცესია გადაიდო - III კვარტალში გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით გაიზარდა

მესამე კვარტალში გერმანიის ეკონომიკა მოულოდნელად 0,3%-ით გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის განცხადებით, ძირითადი მიზეზი გაზრდილი მოხმარებაა.

უკრაინაში მიმდინარე ომის ნეგატიური ეფექტებისა და რეგიონში არსებული ენერგოკრიზისის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები მესამე კვარტალში 0,2%-იან კლებას პროგნოზირებდნენ. ზრდის მონაცემებმა რეცესია გადადო, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ზამთარში რეცესია კვლავ მოსალოდნელია.

Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები თვლიან, რომ მომავალ წელს გერმანია ევროზონის 19 ქვეყანას რეცესიაში ჩაითრევს. ამასთან, მიმდინარე თვის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ინფლაცია კვლავ 10%-ზე მაღალი დარჩება.

“რეცესიის თავიდან არიდება ნაკლებად სავარაუდოა. გერმანიის ეკონომიკა ამჟამად იკლებს, მაგრამ შესაძლოა უფრო ნელი ტემპით, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს ნათელი წერტილია”,- აცხადებს Ifo-ს პრეზიდენტი კლემენს ფუესტი.

გერმანიის რუსეთზე დამოკიდებულება კრემლს საშუალებას აძლევს ენერგორესურსები პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენოს და საპასუხო დარტყმა მიაყენოს დასავლეთს. ამასთან, მზარდი ფასები მნიშვნელოვნად ამცირებს გერმანიის სამრეწველო წარმოებასა და მოხმარებას.

ეკონომისტები მეოთხე კვარტალში ეკონომიკის 0,4%-იან, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში 0,5%-იან კლებას პროგნოზირებენ. ეკონომიკის ზრდის განახლებას კი გაზაფხულზე მოელიან.

უკრაინაში რუსეთის ომის შედეგი გლობალურ ეკონომიკაზე უკვე აისახება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) თანახმად, მომავალ წელს გლობალური ეკონომიკა მხოლოდ 2.2%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით პრობლემურია ევროპაში. OECD მოელის, რომ გერმანიის ეკონომიკის ზრდის ტემპი მომავალ წელს შემცირდება და 0,7%-ს გაუტოლდება.