LIVE

უკრაინაში რუსეთის ომი გლობალურ ეკონომიკას აზარალებს

02 ოქტ 202214:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 490
უკრაინაში რუსეთის ომი გლობალურ ეკონომიკას აზარალებს

უკრაინაში რუსეთის ომის შედეგი გლობალურ ეკონომიკაზე უკვე აისახება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) თანახმად, მომავალ წელს გლობალური ეკონომიკა მხოლოდ 2.2%-ით გაიზრდება. 

ეს ნიშნავს, რომ 2023 წელს წარმოება $2.8 ტრილიონით ნაკლები იქნება იმასთან შედარებით, რასაც ოფიციალური პირები 2021 წლის ბოლოს ვარაუდობდნენ.

ორგანიზაციამ "დიდი ოცეულის" ქვეყნების უმრავლესობის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. გამონაკლისია ინდონეზია, რომლის პროგნოზი ზომიერზე მაღალია. ამასთან, ჯგუფში შემავალი ქვეყნების უმრავლესობას ინფლაციის კიდევ უფრო გაზრდის საფრთხე ემუქრება. 

"გლობალური ეკონომიკა დაზარალდა. მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპას, უწევს ომის საფასურის გადახდა და ბევრ ეკონომიკას წინ მძიმე ზამთარი ელის", - ნათქვამია OECD-ის შუალედური პროგნოზის ანგარიშში. 

პერსპექტივა ასახავს ვითარებას, რომელიც გამოწვეულია როგორც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით და ასევე, ენერგოკრიზისით, რის გამოც, საცხოვრებელი ხარჯები მასშტაბურად გაიზარდა.

ინფლაციასთან საბრძოლველად, გლობალურად ცენტრალური ბანკები მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ, თუმცა OECD-ის შეფასებით, თქმით, ეს ჯერჯერობით საკმარისი არ არის.

"უდიდესი ეკონომიკის ქვეყნების უმრავლესობაში, საჭიროა რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ზრდა, რათა მართოს  მოლოდინები და ინფლაციური წნეხის მუდმივი შემცირება უზრუნველყოს", - ნათქვამია ანგარიშში. 

ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით პრობლემურია ევროპაში. OECD მოელის, რომ გერმანიის ეკონომიკის ზრდის ტემპი მომავალ წელს შემცირდება და 0,7%-ს გაუტოლდება.

ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ბევრ ეკონომიკას 2022 წლის მეორე ნახევარსა და 2023 წლის პირველ კვარტალში, სავარაუდოდ, სუსტი ზრდა ექნება. გარკვეული გაუმჯობესება 2023 წლის ბოლოს აღინიშნება. 

OECD აღნიშნავს, რომ პროგნოზი დაფუძნებულია მოლოდინზე, რომ არ იქნება Covid-19-ის შემდგომი აფეთქებები, საომარი მდგომარეობის ესკალაცია და ენერგო-ბაზრებზე დამატებითი ზეწოლა.  

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ სერიოზულმა ენერგოდეფიციტმა, შეიძლება 2023 წელს ევროპის ეკონომიკური ზრდა 1,25 პროცენტული პუნქტით შეამციროს და ინფლაცია 1,5 პროცენტული პუნქტით გაზარდოს, რაც ბევრ ქვეყანას 2023 წლისთვის რეცესიის საფრთხეს უქმნის და ასევე, აჩენს რისკს, რომ ევროპის ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც სუსტი იქნება. 

ანგარიშის სხვა მიგნებებით:

• ჩინეთში მიმდინარე წელს, ზრდა 3.2%-მდე შენელდება, რაც Covid-19-ის "ლოკდაუნებითა" და უძრავი ქონების ბაზრის კრიზისითაა განპირობებული, თუმცა გარკვეულმა მხარდაჭერამ შეიძლება ხელი შეუწყოს 2023 წელს ეკონომიკის ზრდის აღდგენას.

• მომავალ წელს აშშ-ის ეკონომიკა მხოლოდ 0,5%-ით გაიზრდება.

• ენერგიის გაზრდილი ფასებით დაზარალებულ მოსახლეობასა და ბიზნესს სჭირდება ფისკალური მხარდაჭერა, მაგრამ ის უნდა იყოს დროებითი ზომა, რომელიც განკუთვნილი იქნება ყველაზე დაუცველებისთვის. 

• ომის გამო, სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კვლავ აქტუალური რჩება და საჭიროა ქვეყნების თანამშრომლობა იმისათვის, რომ "სასოფლო-სამეურნეო ბაზრები იყოს ღია, დაკმაყოფილდეს გადაუდებელი საჭიროებები და გაძლიერდეს მიწოდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზოი შნეევისი