წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები მიიღო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 2 მლრდ 814 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს ($2.35 მლრდ) აჭარბებს.
ფულადი გზავნილების ზრდის ძირითადი წყარო რუსეთის ფედერაციაა, რომელზეც 9 თვეში საქართველოში გადმორიცხული თანხის 40.34% მოდის. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან 1 მლრდ 135 მლნ დოლარის გზავნილი მიიღო, რაც დაახლოებით 3-ჯერ მეტია ჯამურად 2021 წელს რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე.
რაც შეეხება გასული თვის სტატისტიკას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ სექტემბერში საქართველოში ჯამში 387.2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 84.6%-ით მეტია 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
წინა თვეების მსგავსად, სექტემბერშიც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველომ რუსეთიდან მიიღო. გასულ ერთ თვეში რუსეთიდან 174 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წლიური ზრდა 351%-ია. სექტემბრის მონაცემებით, რუსეთზე მთლიანი გზავნილების 45% მოდიოდა.
TOP-10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა შემდეგია:
- რუსეთის ფედერაცია - $173.94 მლნ / ზრდა 351%;
- იტალია - $36.29 მლნ / ზრდა 7%;
- აშშ - $28.68 მლნ / ზრდა 17%;
- საბერძნეთი - $18.45 მლნ / კლება 8%;
- ყირგიზეთი - $18.12 მლნ / ზრდა 417%;
- ისრაელი - $16.44 მლნ / ზრდა 7%;
- გერმანია - $15.92 მლნ / ზრდა 47%;
- ყაზახეთი - $10.13 მლნ / ზრდა 72%;
- თურქეთი - $9.82 მლნ / კლება 1%;
- სომხეთი - $8.98 მლნ / ზრდა 677%.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ არსებობდა მოლოდინი, რომ საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდებოდა. აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებდა, რომ უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საქართველოში ფულადი გზავნილები წელს $1.8 მილიარდამდე შემცირდებოდა, თუმცა საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების მზარდი ნაკადის პარალელურად, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში რუბლს გზავნის, დოლარში ახურდავებს, უცხოურ ვალუტას რუსეთში აბრუნებს და მოგების მიზნით შავ ბაზარზე ყიდის. PMC-ის განმარტებით, ეს ფაქტორი შესაძლოა რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მკვეთრი მატების მიზეზი იყოს.