LIVE

ირაკლი გილაური "საქართველოს კაპიტალის" დირექტორად 2025 წლამდე დარჩება

24 ოქტ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1905
ირაკლი გილაური "საქართველოს კაპიტალის" დირექტორად 2025 წლამდე დარჩება

"საქართველოს კაპიტალის" (CGEO) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი გილაურს აღმასრულებელი დირექტორის კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. 

უფროსმა დამოუკიდებელმა დირექტორმა, დევიდ მორისონმა გავრცელებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა ირაკლი გილაურის წვლილს კომპანიის ჩამოყალიბებაში.

"მოხარული ვართ, რომ "საქართველოს კაპიტალი" კვლავ ისარგებლებს ირაკლის გამოცდილებით, ადგილობრივი ბიზნესგარემოს ცოდნით, მისი ენთუზიაზმით და ერთგულებით. დარწმუნებულები ვართ, რომ ირაკლი წარმატებით შეასრულებს ჩვენს სტრატეგიულ გეგმებს და გააძლიერებს ღირებულებებს, რომლებსაც მხარეებს ვთავაზობთ", - ამბობს მორისონი.  

ირაკლი გილაური 2023 წლის მაისში მის მოადგილეს, ნიკოლოზ გამყრელიძეს უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გამყრელიძე მის თანამდებობას აღარ დაიკავებდა. ნიკოლოზ გამყრელიძემ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორის თანამდებობა მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვა

ირაკლი გილაური CGEO-ს აღმასრულებელ დირექტორად და თავმჯდომარედ 2018 წლის 24 თებერვალს დაინიშნა. ის ასევე არის ნომინაციისა და საინვესტიციო კომიტეტების წევრი.

2011 წლიდან 2018 წლამდე ის BGEO Group-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2015 წლის აგვისტოდან გილაური მუშაობდა Georgia Healthcare Group-ის (ამჟამად Georgia Healthcare Group Limited) დირექტორის თანამდებობაზე. გილაური Georgia Capital-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა.

„საქართველოს კაპიტალის" აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში ივაჭრება. საინვესტიციო ჯგუფის პორტფელი აერთიანებს ჯანდაცვის, წყალმომარაგების, განახლებადი ენერგიის, სადაზღვევო და საგანმანათლებლო დარგის ბიზნესებს. ჯგუფი ასევე არის „საქართველოს ბანკის“ 19.9% წილის მფლობელი.