LIVE

9 თვეში საქართველომ ექსპორტზე $84.3 მილიონის ელექტროენერგია გაიტანა - ზრდა 468%-ია

19 ოქტ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 725
9 თვეში საქართველომ ექსპორტზე $84.3 მილიონის ელექტროენერგია გაიტანა - ზრდა 468%-ია

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გაყიდა. საქსტატის მონაცემებით, 9 თვეში ექსპორტზე 84 მლნ 339 ათასი დოლარის ელექტროენერგიაა გატანილი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 468%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგია მთლიან ექსპორტში 2.1%-იანი წილით 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორისაა და საქართველოს ელექტროენერგიით ვაჭრობაში დადებითი ბალანსი აქვს.

საქსტატის თანახმად, საქართველოდან ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე თურქეთში გავიდა. 9 თვის მონაცემებით, მეზობელმა ქვეყანამ საქართველოსგან 79 მლნ 553 ათასი დოლარის ელექტროენერგია იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 931%-ითაა გაზრდილი.

მხოლოდ სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 7 მლნ 831 თასი დოლარის ელექტროენერგია გავიდა. მისი უდიდესი ნაწილი, 7 მლნ 597 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია თურქეთმა შეისყიდა.

იანვარ-სექტემბრის ჯამური მონაცემებით, საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში $34.7 მილიონი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოსა და სექტემბერში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი არ განხორციელებულა.