LIVE

Exxon-მა რუსეთი სრულად დატოვა

18 ოქტ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 546
Exxon-მა რუსეთი სრულად დატოვა

Exxon Mobil აცხადებს, რომ რუსეთი სრულად დატოვა მას შემდეგ, რაც შვიდთვიანი დისკუსიის შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი ქონების ექსპროპრიაცია მოახდინა. 

კომპანიას არ დაუზუსტებია, მიიღო თუ არა კომპენსაცია აქტივებისთვის, რომელსაც $4 მილიარდზე ძვირად აფასებდა. Exxon-ის პრესსპიკერმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, გააგრძელებს თუ არა აგვისტოში წამოწყებულ დავას ყადაღის შესახებ საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესის მეშვეობით.

Exxon-ის ქვეყნიდან გასვლა დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული დაპირისპირების კიდევ ერთი დადასტურებაა. ქვეყანა ასევე დატოვეს სხვა მსხვილმა ენერგოკომპანიებმა: BP-მ, TotalEnergies-მა, Equinor-მა და Shell-მა. მათ ქონება რუს პარტნიორებს გადასცეს ან ოპერირება შეწყვიტეს. 

Exxon Mobil-მა განაცხადა, რომ რუსეთი "უსაფრთხოდ დატოვა" მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, ამერიკული Exxon-ის მიერ მართული, Sakhalin-1-ის პროექტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.

Exxon პროექტის დატოვებას მარტიდან ცდილობს. აგვისტოს დასაწყისში ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მას ამის უფლება აღარ ჰქონდა, რადგან რუსეთმა, "ეროვნული ინტერესების დაცვის" მოტივით, ე.წ. "არამეგობრული" ქვეყნების ინვესტორებს წლის ბოლომდე ძირითად ენერგეტიკულ პროექტებსა და ბანკებში წილების გაყიდვა აუკრძალა. ამ ნაბიჯით რუსეთი შეეცადა დაბრკოლებები შეექმნა დასავლეთის ქვეყნებისა და მისი მოკავშირეების კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებენ.