რუსეთმა ე.წ. "არამეგობრული" ქვეყნების ინვესტორებს წლის ბოლომდე ძირითად ენერგეტიკულ პროექტებსა და ბანკებში წილების გაყიდვა აუკრძალა. ამ ნაბიჯით რუსეთი ცდილობს დაბრკოლებები შეუქმნას დასავლეთის ქვეყნებისა და მისი მოკავშირეების კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებენ.
ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მყისიერ აკრძალვებს უწესებს ინვესტორებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთზე სანქციებს. მათ ეკრძალებათ გაყიდონ თავისი აქტივები, რომლებსაც ისინი ფლობენ საწარმოო გაზიარების ხელშეკრულებებში (PSA), ბანკებში, სტრატეგიულ ობიექტებში, ენერგეტიკის სფეროსთვის განკუთვნილი აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიებში, ასევე, სხვა ტიპის პროექტებში, რომლებიც უკავშირდება ნავთობის, გაზის, ნახშირისა და ნიკელის წარმოებას.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ პუტინს შეუძლია გასცეს სპეციალური შეღავათები გარკვეულ შემთხვევებში იმისათვის, რომ გარიგებები შედგეს. განკარგულებაში არცერთი კონკრეტული ინვესტორი ნახსენები არ არის.
ეს აკრძალვა შეეხება თითქმის ყველა მსხვილ ფინანსურ და ენერგეტიკულ პროექტს, სადაც უცხოელი ინვესტორები ჯერ კიდევ ფლობენ წილებს, მათ შორისაა Sakhalin-1-ის ნავთობისა და გაზის პროექტი, რაც ნიშნავს, რომ Exxon Mobil და პარტნიორები ვერ შეძლებენ Sakhalin-1 ნავთობის საბადოს დატოვებას. განკარგულების გამოცემამდე რამდენიმე დღით ადრე, Exxon-მა განაცხადა, რომ Sakhalin-1-ში 30%-იანი წილის გასხვისებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.
რუსეთში კვლავ რჩებიან უცხოური ბანკების ერთეულები. მათ შორის არის UniCredit, Citigroup და Raiffeisen Bank International. Citigroup-მა და Raiffeisen-მა განაცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებას განიხილავდნენ.
იელის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, რუსეთის ეკონომიკა "კატასტროფულად დაინგრა" დასავლეთის სანქციებისა და საერთაშორისო კომპანიების მიერ ქვეყნის მასობრივად დატოვების გამო. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ 1000-ზე მეტმა კომპანიამ შეზღუდა საქმიანობა რუსეთში ან დატოვა ქვეყანა, თითქმის ყველა ინდუსტრიაში, მოდიდან ფინანსებამდე.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია