
სანავთობო ბირჟებზე ფასი კვლავ იზრდება. ბოლო 24 საათში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $98-ს გადააჭარბა.
ამასთან, West Texas Intermediate-ის ფასი ბარელზე $93-მდე გაიზარდა.
ნავთობის გაძვირების ძირითადი მიზეზი OPEC+-ის მიერ წარმოების შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა.
ნავთობის ფასმა მატება ჯერ კიდევ მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ OPEC+ ნავთობის მოპოვების შემცირებას აპირებდა.
ფასის ზრდის ტემპი დაჩქარდა ოთხშაბათის შემდეგ, როდესაც OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობის 2 მილიონი ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ.
ფასებზე წნეხს ახდენს გეოპოლიტიკური დაძაბულობაც, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs Group-მა 2022 წლის Brent-ის ტიპის ნავთობის ფასის პროგნოზი $99-დან $104-მდე, ხოლო 2023 წლის პროგნოზი ბარელზე $108-დან $110-მდე გაზარდა.