LIVE

OPEC+ წარმოებას დღეში 100 000 ბარელით ამცირებს

05 სექ 202218:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 677
OPEC+ წარმოებას დღეში 100 000 ბარელით ამცირებს

OPEC+ ოქტომბრისთვის ნავთობის მიწოდების სიმბოლურად შემცირებას დათანხმდა. ჯგუფი მომავალ თვეში წარმოებას დღეში 100,000 ბარელით შეამცირებს, რითაც ის აგვისტოს დონეს უბრუნდება.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია და მისი პარტნიორები გამომუშავების შემცირებით, ცდილობენ ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების მხარეები წონასწორობაში დააბრუნონ.

დღეს, ონლაინ კონფერენციის შემდეგ, საბოლო კომუნიკეში ალიანსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად იქნება ნებისმიერ დროს მოიწვიოს მინისტრთა მორიგი შეხვედრა. მოლაპარაკებების გამართვის მომდევნო თარიღად 5 ოქტომბერი სახელდება.

OPEC+-ის მოულოდნელი ნაბიჯი საპირისპიროა იმისა, რაც მან გასულ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თხოვნით, ფასების შენარჩუნების მიზნით გადადგა, როცა წარმოება დღეში 100 000 ბარელით გაზარდა

დღევანდელი გადაწყვეტილება შეიძლება შემაშფოთებელი იყოს მომხმარებელ ქვეყნებში, რადგან ისინი ებრძვიან ინფლაციურ წნეხს და ზამთრის ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგანან.

ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი დღეს ლონდონში ნაშუადღევს 3,2%-ით გაიზარდა და ბარელზე $96,03 შეადგინა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დინა ხრენიკოვა, სალმა ელ ვარდანი, გრანტ სმიტი და ბენ ბარტენშტეინი