LIVE

OPEC+-ს გადაწყვეტილების მოლოდინში ნავთობი გაძვირდა

03 ოქტ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 507
OPEC+-ს გადაწყვეტილების მოლოდინში ნავთობი გაძვირდა
Bloomberg

ნავთობის ფასი ბარელზე $83-მდე გაიზარდა, მას შემდეგ, რაც OPEC+ ალიანსი ნავთობის დღიური მოპოვების მილიონი ბარელით შემცირებას განიხილავს

ეს პანდემიის შემდეგ, კარტელის მიერ ნავთობის წარმოების ყველაზე მასშტაბური კლება იქნება. შემცირების ზომაზე საბოლოო გადაწყვეტილება ოთხშაბათს მინისტრების შეკრებაზე მიიღება.

West Texas Intermediate ნავთობის ფასი თითმის 5%-ით გაიზარდა, რაც ბოლო სამი სესიის განმავლობაში ზრდის პირველი ნიშნებია. 

"ნავთობზე ფასების ვარდნა, სავარაუდოდ, დასრულდა. ენერგორესურსებით მოვაჭრეები, გლობალური რეცესიის შიშით, ზაფხულში პესიმისტურად იყვნენ განწყობილი, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ნავთობის რისკები ამოტრიალდა", - ამბობს Oanda Group-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი ედ მოია.  

სექტემბრამდე სამი თვის განმავლობაში ნავთობის ფასი მეოთხედით შემცირდა, რაც შენელებული ეკონომიკის ფონზე, შემცირებული მოთხოვნით აიხსნება.

ბანკები, მათ შორის UBS Group AG და JPMorgan Chase & Co. ვარაუდობენ, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას და მის მოკავშირეებს შეიძლება დღიური მოპოვების მინიმუმ 500 000 ბარელამდე შემცირება მოუწიოთ, იმისათვის, რომ ფასების სტაბილიზაციას მიაღწიონ. 

"დღე-ღამეში 1 მილიონ ბარელზე მეტის შემცირება საკმარისია იმისთვის, რომ ფასები შემცირდეს", - თქვა Price Futures Group-ის ბაზრის უფროსმა ანალიტიკოსმა ფილ ფლინმა.

მოპოვების დიდმა შემცირებამ შეიძლება კრიტიკა გამოიწვიოს აშშ-სა და სხვა მსხვილ მომხმარებელ ქვეყნებში, სადაც ენერგიის გამო, ისედაც გაზრდილმა ფასებმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვეს.

ოთხშაბათს OPEC+-ის შეხვედრა იქნება პირველი პირისპირ შეკრება 2020 წლის მარტის შემდეგ. ჯგუფი ყოველთვიურად ონლაინ რეჟიმში იკრიბებოდა და პირისპირ შეხვედრა მინიმუმ წლის ბოლომდე მოსალოდნელი არ იყო.

პარალელურად, აზიაში ჩინეთმა გასულ კვირას საწვავის ექსპორტისა და ნედლი ნავთობის იმპორტისთვის ახალი კვოტები დააწესა, რითაც თავისი ეკონომიკის გამოცოცხლებას ცდილობს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენ შარპლსი