
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs ნავთობის ფასისი მიმდინარე და მომავალი წლის პროგნოზს ზრდის.
ცვლილების მიზეზი OPEC+-ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ნავთობის მოპოვების 2 მილიონით შემცირებას ითვალისწინებს. ეს COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ნავთობის მოპოვების ყველაზე მასშტაბური შემცირებაა.
Goldman Sachs-მა 2022 წლის ბრენტის ნავთობის ფასის პროგნოზი $99-დან $104-მდე, ხოლო 2023 წლის პროგნოზი ბარელზე $108-დან $110-მდე გაზარდა.
ამერიკულმა ბანკმა ასევე გაზარდა 2022 წლის მეოთხე კვარტლის და 2023 წლის პირველი კვარტლის Brent-ის ფასის პროგნოზი ბარელზე $10-ით. შესაბამისად, ბანკი მომავალი წლის პირველ კვარტალში ფასის $115-მდე ზრდას მოელის.
გუშინ ბრენტის ნავთობის საორიენტაციო ფასი კიდევ 1.7%-ით გაიზარდა და ბარელზე დაახლოებით $94 შეადგინა. ამ დროისთვის კი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი $94-ს აჭარბებს.
OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ოთხშაბათს შეთანხმდნენ. ამ ნაბიჯით ჯგუფი ნავთობის ფასის ვარდნის შეჩერებას ცდილობს.
ჯგუფის განმარტებით, გადაწყვეტილება ემყარება "გაურკვევლობას, რომლითაც მოცულია გლობალურ ეკონომიკა და ნავთობის ბაზრის პერსპექტივა".
ნავთობის ფასმა მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ OPEC+ ნავთობის მოპოვების შემცირებას აპირებდა.
სექტემბრამდე სამი თვის განმავლობაში ნავთობის ფასი მეოთხედით შემცირდა, რაც შენელებული ეკონომიკის ფონზე, შემცირებული მოთხოვნით აიხსნება.
OPEC+ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრებს და მათ მოკავშირეებს, მათ შორის რუსეთს, აერთიანებს.
ჯგუფის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ში, სადაც ენერგიის გამო, ისედაც გაზრდილმა სამომხმარებლო ფასებმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია.