LIVE

ტურისტების ქცევა შეცვლილია, უფრო მეტს ხარჯავენ - ქვრივიშვილი

05 ოქტ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 928
ტურისტების ქცევა შეცვლილია, უფრო მეტს ხარჯავენ - ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში შემოსული ტურისტების ქცევა შეცვლილია.

მისი განმარტებით, წინა წლებთან შედარებით, ტურისტები უფრო მეტს ხარჯავენ.

„დადებითი დინამიკა შეინიშნება ღამისთევების რაოდენობის ზრდის მიმართულებით. ასევე გაზრდილია საშუალო დანახარჯი და სწორედ ამიტომაც ხდება, რომ შედარებით ნაკლები რაოდენობის ტურისტი ხარჯავს უფრო მეტს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრია დივერსიფიცირებულია და რომელიმე ერთ ქვეყანაზე, მათ შორის რუსეთზე, დამოკიდებული არ არის.

„რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნების წილი ტრადიციულად მაღალი იყო ჩვენს ტურიზმში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არასდროს ვყოფილვართ და არასდროს ვიქნებით დამოკიდებული რომელიმე კონკრეტულ ერთ, ორ, ან სამ ქვეყანაზე.

რაც შეეხება ტურიზმის შემოსავლებში კონკრეტული ქვეყნების წილს, ვხედავთ, რომ მაგალითად რუსეთის წილი 23%-ს არ აღემატება. ეს ცხადია დომინანტი წილი არ არის. ასევე ვხედავთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან აღდგენის დინამიკა ძალიან სწრაფია, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების აღდგენა სრულად დამოკიდებულია ევროპული ავიაკომპანიების სიძლიერესა და იმ გამტარუნარიანობაზე, რის საშუალებითაც მეტი ტურისტის შემოყვანას შევძლებთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. 

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 523 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულ შემოსავლებში რუსეთი ლიდერობდა. აგვისტოში ამ მაჩვენებელმა 133 მლნ დოლარი შეადგინა. იანვარ-აგვისტოს ჯამური მონაცემებით კი რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 468 მლნ დოლარი დახარჯეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აგვისტოში ყველაზე მეტი, 213 261, საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. წლიური ზრდა 434% იყო.