LIVE

რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში ყველაზე მეტი, $133 მილიონი დახარჯეს

15 სექ 202218:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 800
რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში ყველაზე მეტი, $133 მილიონი დახარჯეს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 523 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 163.1%-ითაა (324 მლნ დოლარი) გაზრდილი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს კი აგვისტოს შედეგები 26.7%-ით (110 მლნ დოლარი) აჭარბებს.

რაც შეეხება იანვარი-აგვისტოს ჯამურ მონაცემებს, 8 თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მლრდ 142 მლნ დოლარი შეადგინა. შემოსავლები წლიურად 1 მლრდ 438 მლნ დოლარითაა გაზრდილი (204.3%). აღდგენილია 2019 წლის მაჩვენებლის 94.6%. 

გასულ თვეში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულ შემოსავლებში რუსეთი ლიდერობდა. აგვისტოში ამ მაჩვენებელმა 133 მლნ დოლარი შეადგინა. იანვარ-აგვისტოს ჯამური მონაცემებით კი რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 468 მლნ დოლარი დახარჯეს.

აგვისტოში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები:

  • რუსეთი - $133.1 მლნ;
  • საუდის არაბეთი -$54.6 მლნ;
  • ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი - $51.4 მლნ;
  • ისრაელი - $35 მლნ;
  • თურქეთი - $46.9 მლნ;
  • ბელარუსი - $32.9 მლნ;
  • უკრაინა - $32.8 მლნ;
  • სომხეთი - $29.6 მლნ;
  • ირანი  - $14.5 მლნ;
  • აზერბაიჯანი - $11.8 მლნ.

შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 195.5%-ია. აღდგენილია 2019 წლის აგვისტოს მონაცემების 67.1%. 

ცნობისთვის, აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი, 213 261, საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. წლიური ზრდა 434% იყო.