LIVE

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

14 სექ 202212:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1306

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

სებ-ის გადაწყვეტილების შედეგად, 190 000 მომხმარებელს სესხის პროცენტი არ შეეცვლება. პირველი სექტემბრის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციური წნეხი კვლავ საკმაოდ მაღალია როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.

„ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. ბრენტის ნავთობის ფასი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება შემცირებას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ინდექსი ივლისში წინა თვესთან შედარებით 9.0 პროცენტით, ხოლო აგვისტოში - 1.9 პროცენტით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა და ინფლაციის დინამიკაზე დადებით გავლენას მოახდენს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მარეგულირებლის განმარტებით, ინფლაციის კლების ნიშნები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მთლიანობაში, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება. 

სებ-ის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

რაც შეეხება ეკონომიკურ აქტივობას, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ტურისტული შემოსავლების მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა ძლიერია შიდა მოთხოვნაც, რაც ინფლაციის უფრო სწრაფ შემცირებას აფერხებს. მარეგულირებლის განმარტებით, შიდა მოთხოვნის სიძლიერის ხელშემწყობია დაკრედიტების შედარებით მაღალი ზრდის ტემპი, რისი ძირითადი მიზეზი სამომხმარებლო და უცხოური ვალუტის სესხებია, რომელთა შენელებაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას ნაკლები გავლენა აქვს. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებიც აამოქმედა, რაც სებ-ის შეფასებით, სესხების ზრდის ტემპს უკვე დაეტყო და ეს ეფექტი მომავალში გაძლიერდება. 

შეგახსენებთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 3 აგვისტოს სხდომაზეც არ გაზარდა და უცვლელად 11%-ზე დატოვა.

უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 10.9% შეადგინა.