LIVE

აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 10.9% შეადგინა - საქსტატი

02 სექ 202211:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 476
აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 10.9% შეადგინა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.9% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • პური და პურპროდუქტები - 32.4%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 20.8%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 20.3%;
  • ზეთი და ცხიმი - 19.8%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 18.7%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 18.6%;
  • თევზეული - 13.6%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 11.1%;
  • ხილი და ყურძენი - 2.5%.

ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.6%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18.7%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.6%).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (22.5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.8%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6%).

სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში ფასები მომატებულია 14.9%-ით. ფასები გაიზარდა როგორც საზოგადოებრივი კვების (15.4%), ისე ღამის გასათევით მომსახურების (11.7%) ქვეჯგუფებზე.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა. ეროვნული ბანკის განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და გლობალურად, მათ შორის, საქართველოში, მაღალი ინფლაციის მნიშვნელოვანი მიზეზია. 

მარეგულირებლის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ხანგრძლივად იქნება და 9.5%- გაუტოლდება. სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია