
ფინეთი რუსი ტურისტებისთვის დღეს შუაღამით საზღვარს ჩაკეტავს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსების ნაკადი ახლა ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.
კვლავ დაშვებული რჩება ოჯახის მონახულების, ასევე მუშაობისა და სწავლის მიზნით ქვეყანაში შესვლა.
ამასთან, სასაზღვრო დაცვა ოკუპანტ ქვეყანასთან ყველაზე სარისკო ადგილებში ღობის აშენებას მოითხოვს. განცხადების მიხედვით, ფიზიკური ბარიერის არსებობა "აუცილებელია" ბრბოს შესაჩერებლად და გასაკონტროლებლად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდეგ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა. შსს-ს ინფორმაციის თანახმად, ბოლო 10 დღეში საქართველოს საზღვარი 78 742-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა, თუმცა მინისტრმა განაცხადა, რომ "საგანგაშოს" ვერაფერს ხედავს.