ონლაინ შოპინგისას ნივთის დაბრუნების 14-დღიანი წესი უკვე ამოქმედდა, თუმცა კანონის აღსრულება პირველი ნოემბრიდან დაიწყება და პასუხისმგებელი ორგანო კონკურენციის სააგენტო იქნება.
უწყებამ უკვე აამუშავა ცხელი ხაზი და შესული საჩივრების განხილვას 1 თვეში დაიწყებს.
კანონპროექტის თანახმად, 14-დღიანი დაბრუნების წესი არ იმოქმედებს სავაჭრო ცენტრებსა და სხვა მაღაზიებზე და შეეხება მხოლოდ ონლაინ ვაჭრობას, ყველა ტიპის ონლაინ მაღაზიას, მათაც ვისაც სოციალურ ქსელებში, მაგალითად Instagram-ზე, facebook-სა და სხვა სოციალურ პლატფორმებზე გამოწერის გვერდები აქვთ და სტატუსით მეწარმეები არ არიან.
ონლაინ მაღაზიას კანონი ავალდებულებს, რომ მომხმარებლის მიერ დაწუნებული ნივთი დაიბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს უფლება მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, სააგენტო კი გონივრულ ვადებში განიხილავს საჩივარს, პირველ ეტაპზე მაღაზიას მისცემს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში მეწარმე გასული ფინანსური წლის ბრუნვის 2%-ით დაჯარიმდება. აღსანიშნავია, რომ კანონი არ გავრცელდება მალფუჭებად, ჰერმეტულად შეფუთულ და დაზიანებულ პროდუქციაზე.
"1-ლი ივნისიდან, ანუ კანონის ამოქმედებიდან დღემდე, ჩვენ ონლაინ მაღაზიაში ნივთის დაბრუნებაზე მომართვიანობა 3%-ით გაიზარდა, ეს არც ისე დიდი მაჩვენებელია, თუმცა უკვე შეინიშნება ტენდენცია 2 კვირის ვადაში სხვადასხვა ნივთის უკან დაბრუნების. მიუხედავად ამისა, ჩვენ მომხმარებლებს პრობლემა არ შეჰქმნიათ და ჩვენც, როგორც შუამავალი კომპანია ვიღებთ ამ ვალდებულებას",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ქეთევან თევზაძე, SHOPSHOP.ge-ის აღმასრულებელი დირექტორი.