LIVE

ივა ჭყონია: რუსული ზეთის იმპორტზე საქართველოს დამოკიდებულება გაიზრდება

01 ოქტ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
ივა ჭყონია: რუსული ზეთის იმპორტზე საქართველოს დამოკიდებულება გაიზრდება

"დისტრიბუტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელის ივა ჭყონიას შეფასებით, რუსეთის მიერ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადის გაუქმება ფასებზე დადებითად აისახება, თუმცა ამ გზით ოკუპანტ ქვეყანაზე საქართველოს დამოკიდებულება გაიზრდება.

როგორც ივა ჭყონია "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, გადასახადის გაუქმების ფონზე სხვა ქვეყნებს უფრო მეტად გაუჭირდებათ რუსეთთან კონკურენციაში შესვლა და შესაბამისად, მათგან იმპორტი შემცირდება. 

"ზეთის, როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტის, გაიაფება, ცხადია, დადებითი მოვლენაა ყველასთვის. თუმცა გვაქვს სხვა გამოწვევა - რუსეთი ისედაც მთავარი იმპორტიორია, მაგრამ გადასახადის გაუქმებით ახლა სხვა ქვეყნებს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდებათ მასთან კონკურენცია. შედეგად კი მივიღებთ, რომ ეკონომიკურად ჩვენ მასზე უფრო დამოკიდებულები გავხდებით",- ამბობს ივა ჭყონია. 

მისივე თქმით, ლოგისტიკური ხარჯების გათვალისწინებით, რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის გადასახადების გაუქმების გარეშეც პრიორიტეტული იყო.

"მაგალითად, თუ რუსეთის შემთხვევაში მთლიანი ლოგისტიკური ხარჯი ერთჯერადად დაახლოებით $3,000-3,500 ჯდება, ტრანსპორტირებას კი 5-8 დღე სჭირდება; უკრაინიდან იმპორტის დროს ეს თანხა თითქმის გაორმაგებულია და პროდუქტის შემოტანაც 2 კვირიანი პროცესია. კიდევ უფრო დიდი რიცხვებია მაგალითად ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში. ანუ, რუსეთის ბაზარი ისედაც უფრო იაფია, მაგრამ მისი მხრიდან გადასახადების გაუქმება სხვა კონკურენტების პირდაპირი ჩაძირვაცაა",- ამბობს ივა ჭყონია. 

საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის იმპორტის მთავარი წყარო რუსეთია. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამში იმპორტირებული 12, 991 ტონა ზეთიდან, 10 594 ტონა სწორედ რუსულ ზეთზე მოდის. იმპორტის მხრივ ქვეყნების რეიტინგი ამგვარად ნაწილდება:

1. რუსეთი -10 594 ტონა;

2. აზერბაიჯანი - 1 545 ტონა;

3. უკრაინა - 387 ტონა;

4. თურქეთი - 212 ტონა; 

5. ყაზახეთი - 203 ტონა.

შეგახსენებთ, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი 1-ელი ოქტომბრიდან ნულდება. ამ ფონზე, საქართველოში ოქტომბრიდან ზეთის 15-20%-ით გაიაფებაა მოსალოდნელი.