LIVE

ოქტომბრიდან ზეთი 15-20%-ით გაიაფდება - ქართულ მაღაზიათა ასოციაცია

28 სექ 202216:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 478
ოქტომბრიდან ზეთი 15-20%-ით გაიაფდება - ქართულ მაღაზიათა ასოციაცია

ქართულ მაღაზიათა ასოციაციის თავმჯდომარის სანდრო სუბელიანის თქმით, ოქტომბრიდან მზესუმზირის ზეთი დამატებით 15-20%-ით გაიაფდება და ფასების კლების ტენდენცია სავარაუდოდ მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.

როგორც სანდრო სუბელიანი "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, პროდუქტის გაიაფების მიზეზი მთავარი იმპორტიორი ქვეყნიდან, რუსეთიდან, ექსპორტზე გადასახადის განულება გახდა.

კერძოდ, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრიდან მზესუმზირის ზეთისა საექსპორტო გადასახადი გაუქმდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად თუ სექტემბერში 1 ტონა ზეთზე საბაჟო გადასახადი 148 დოლარს შეადგენდა, უკვე მომდევნო თვიდან ადგილობრივ იმპორტიორებს ამ თანხის გადახადა აღარ მოუწევთ. 

"დღეს მაღაზიების დახლებზე მზესუმზირის ზეთის საშუალო ფასი 6-დან 10 ლარამდე მერყეობს. ოქტომბრიდან კი მომხმარებლებს პროდუქტის შეძენა დაახლოებით 1-1.50 ლარით უფრო ნაკლები დაგვიჯდება - ასეთია ჩვენი მოლოდინი. საბაჟო გადასახადის გაუქმება, ცხადია, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ადგილობრივი იმპორტიორებისთვის და უკვე ახალი მარაგების შეძენის დროს ხარჯები შეუმცირდებათ",- განმარტავს სანდრო სუბელიანი. 

მისივე თქმით, ზეთის გაიაფება დადებითად აისახება ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასზეც.

"ადგილობრივი მწარმოებლები, როგორც წესი, იყენებენ იმპორტირებულ ნედლეულს, ამიტომ საბაჟო გადასახადის გაუქმება, ამ მხრივაც დადებითი მოვლენაა. ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მისი გაიაფება, ცხადია, დადებით ეფექტს იქონიებს ინფლაციის მაჩვენებელზეც",- აღნიშნავს სანდრო სუბელიანია. 

შეგახსენებთ, ზეთის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის რუსეთია, რომელზეც მთლიანი მოცულობის 80%-ზე მეტი მოდის. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებული 12 991 ტონა ზეთიდან 10 594 ტონა სწორედ რუსულ ზეთზე მოდის. 

ცნობისთვის, მიუხედავად ინფლაციის ზრდის ტემპის შენელებისა, მაჩვენებელი კვლავ ორნიშნა. შედეგად, 2022 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.9% შეადგინა.