LIVE

ყველა საბაჟო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა - RS

26 სექ 202212:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 683
ყველა საბაჟო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა - RS

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის შედეგად, საქართველოს ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. უწყების განმარტებით, საბაჟო კონტროლის პროცედურების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, გამშვებ პუნქტებზე მებაჟე ოფიცრების რაოდენობა გაზრდილია.

„რუსეთის ფედერაციის მხარეს ,,ლარსის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია, საქართველოდან (საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები.

გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების -  თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო გამშვები პუნქტები დანიშნულების ქვეყნებში მოხვედრისთვის", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში. 

შეგახსენებთ, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარნენ რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო სპეციალობებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

გაწვევისგან თავის არიდების მიზნით, ხალხმა ქვეყნის დატოვება ჯერ კიდევ ოფიციალური განცხადების მოსმენამდე დაიწყო და პროცესი ამ დრომდე გრძელდება. სამხედრო ასაკის მქონე პირები შიშობენ, რომ შესაძლოა, კრემლმა მათ რუსეთიდან გასვლა აუკრძალოს, ამიტომ ცდილობენ, რომ ქვეყანა სწრაფად დატოვონ

რამდენიმე დღეა რუსეთიდან მობილიზაციას გაქცეული ადამიანები და, მასთან ერთად, საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია.