LIVE

მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად კიდევ ბევრია გასაკეთებელი - ჯონ ბრეკეველდტი

24 სექ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 418
მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად კიდევ ბევრია გასაკეთებელი - ჯონ ბრეკეველდტი

ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის (EBA) ჯონ ბრეკეველდტის განცხადებით, ქვეყანაში მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო უნდა დაახლოვდეს.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარე "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, საქართველოს მთავრობას, დიდი მოცულობის ინვესტიციების მოზიდვა ურჩევნია, თუმცა მისი აზრით, სახელმწიფო მცირე და საშუალო ინვესტიციებზე უნდა ფოკუსირდეს, რადგან საქართველოს ბაზარი არც ისე დიდია.

"ევროპული ბიზნეს ასოციაცია სწორედ იმის გამო შეიქმნა 5 წლის წინ საქართველოში, რომ მხარი დავუჭიროთ ევროპელ ინვესტორებს, რადგან როდესაც ევროპული კომპანია აპირებს შემოსვლას ქართულ ბაზარზე, პირველ რიგში ამოწმებს კანონმდებლობას, სექტორებს და ამით აფასებს საინვესტიციო გარემოს",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ჯონ ბრეკეველდტი.

მისივე თქმით, უცხოელი ინვესტორებისთვის მთავარი სტაბილურობაა. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიებს შემოსავლების სამსახურთან პრობლემები ექმნებათ საკანონმდებლო ხარვეზების გამო.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 351.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1%-ით მეტია.

საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა, თუმცა კერძო სექტორის თუ ექსპერტების ნაწილი საინვესტიციო გარემოს გაუარესებასა და არაერთ გამოწვევაზე მიუთითებს, რაც ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს. ასეთ გამოწვევებს შორის სახელდება სასამართლო სისტემა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობა, შესაბამის სექტორთან კომუნიკაციის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ბიუროკრატიული ბარიერებიჩაშლილი საინვესტიციო პროექტები, რომელთა გამოც მთავრობა საარბიტრაჟო დავებშია და ა.შ.