რა წერია კლიმატის ცვლილების ₾3,7 მლრდ-იან სამოქმედო გეგმაში ნარჩენების მართვაზე
30 მარ 202417:29
3 წუთის საკითხავი
1390
საქართველოს მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის საერთო ბიუჯეტი 3 694 328 186 ლარია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ახალი ორწლიანი გეგმა საშუალებას იძლევა ქვეყანამ ემისიების დონე შეინარჩუნოს 10-12 პროცენტით დაბალ ნიშნულზე.
ახალ სამოქმედო გეგმაში გაიწერა უახლოეს ორ წელში კლიმატის ცვლილების შესარბილებლად დაგეგმილი ღონისძიებები ეკონომიკის შვიდ სექტორში და მათ შორის არის ნარჩენების მართვაც.
კერძოდ, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ნარჩენების სექტორის დაბალნახშირბადიანი განვითარების ხელშეწყობას კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურებების წახალისების გზით. ამ თვალსაზრისით, იგეგმება სათბურის აირების ემისიების რაოდენობის შემცირება ნარჩენების სექტორიდან საშუალოვადიან პერიოდში, ანუ 2028 წლისთვის - 1,339-მდე (გგ CO2ეკვ). 2015 წელს ეს მაჩვენებელი 1,389 იყო.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია არსებული უნებართვო, სტიქიური და არასახიფათო ნაგავსაყრელებიდან წარმოქმნილი სათბურის აირის ემისიების შემცირება, სადაც საშუალოვადიანი სამიზნე, 2024 წლისთვის 1,056-ია (გგ CO2ეკვ), 2026 წლისთვის - 908, ხოლო 2030 წლისთვის - 840. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1,063 იყო.
აქვე, აღნიშნული მიზნების შესრულების რისკად სახელდება ახალი ნაგავსაყრელების მოწყობის გაჭიანურება ადგილის შერჩევის გამო.
ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად დაგეგმილი აქტივობა გულისხმობს ოფიციალური (უნებართვო) არასახიფათო ნაგავსაყრელების დახურვას, რისი შედეგის ინდიკატორი იქნება ის, თუკი 2026 წლამდე დაიხურება მინიმუმ 4 უნებართვო ნაგავსაყრელი. აქტივობის ბიუჯეტი 6,520,000 ლარია, საიდანაც 4 მილიონი ლარი EBRD-ის სესხია.
გარდა ამისა, დაგეგმილია რეგიონებში დარჩენილი 400-მდე სტიქიური ნაგავსაყრელის ინვენტარიზაცია, დახურვა/რემედიაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლისთვის 63 მუნიციპალიტეტში ჩატარებული უნდა იყოს სტიქიური ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია და მომზადდეს შესაბამისი ანგარიშები. ასევე, სრულად დასუფთავდეს და დაიხუროს ინვენტარიზაციისას იდენტიფიცირებული სტიქიური ნაგავსაყრელები.
დაგეგმილ აქტივობებს შორის არის ისიც, რომ 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა და მოეწყოს ნარჩენების გადამტვირთი 3 სადგური. ასევე, დასრულდეს ქვემო ქართლის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა. ამ აქტივობის ბიუჯეტი 47,520,000 ლარია, რაც სრულად იფარება EBRD-სა და KfW-ის სესხით.
გარდა ამისა, 2026 წლამდე იგეგმება თბილისის ნაგავსაყრელის განახლება და გაუმჯობესებაც. ასევე, ფოთის ნაგავსაყრელზე აირების გადამამუშავებელი სისტემის, ხოლო ბათუმის ახალ ნაგავსაყრელზე აირების შეგროვებისა და გადამუშავების სისტემის მოწყობა.
სამოქმედო გეგმაში ასევე გაწერილია, რომ ნარჩენების გადამუშავების შედეგად შემცირებულმა ემისიებმა 2026 წლისთვის უნდა მიაღწიოს 100-ს (გგ СO2 ეკვ.), თუმცა აღნიშნული მიზნის მიღწევის რისკად განიხილება ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების დაბალი ინტერესი.
ამასთან, მთავრობა გეგმავს 2026 წლამდე შეიმუშაოს ბიოდეგრადირებადი ნარჩენების ენერგიად გარდაქმნისთვის საჭიროებების შეფასების დოკუმენტი, ასევე პლასტიკის ნარჩენების ნაკადების შეფასების ანგარიში და შექმნას ნარჩენების მართვის ინტეგრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზა.
აღსანიშნავია, რომ 30 მარტს ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღე აღინიშნა საქართველოშიც. ნულოვანი ნარჩენის კონცეფცია მოიაზრებს ნებისმიერი ტიპის ნარჩენის გადამუშავებას. ამ ფონზე, საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, უკვე დანერგილია საბურავების, ბატარეების და აკუმუკატორების, ასევე ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების და ზეთების მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მწარმოებელს, ბიზნესს პასუხისმგებლობა აქვს პროდუქციაზე მისი მოხმარების შემდგომ ეტაპზეც და ევალება ხმარებიდან ამოღებული პროდუქციის შეგროვება, დახარისხება საბოლოო განთავსებისთვის, ან რეციკლირებისათვის. თუმცა ამ მიდგომის აღსრულების მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩება, განსაკუთრებით პლასტმასის ნარჩენების ნაწილში.
UNDP-ის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში პლასტმასის წარმოება და იმპორტი 71 პროცენტით გაიზარდა, რამაც უკანონო ნაგავსაყრელების რიცხვის ზრდა გამოიწვია, ხოლო საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული პლასტმასის 93 პროცენტი არ იქნა გადამუშავებული და ნაგავსაყრელებზე ნარჩენების სახით დაილექა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა გარემოსადმი მიყენებული ზიანი.
სტატია და სიუჟეტი მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "ბიზნეს ფორმულა" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.
პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).