LIVE

ნარმანია: გაზის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არაა

24 სექ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 564
ნარმანია: გაზის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არაა

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, გაზის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არაა.

მარეგულირებელმა თბილისსა და რეგიონებში ახალი სამომხმარებლო ტარიფები დეკემბერში უნდა დაადგინოს. როგორც ნარმანიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ლარის შედარებით გამყარების ფონზე, გაზის გაძვირება მოსალოდნელი არაა.

„საქართველო გაზს სტრატეგიული პარტნიორისგან, აზერბაიჯანისგან იღებს, გრძელვადიანი ხელშეკრულებაა ხელმოწერილი, კონტრაქტით ფასები დაფიქსირებულია. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე და გლობალურად ფასების ზრდას პირდაპირი გავლენა არ აქვს საქართველოზე. დეკემბერში დედაქალაქსა და რეგიონებში მოსახლეობისთვის გაზის ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს, თუმცა ამ გადმოსახედიდან და არსებული გაცვლითი კურსიდან გამომდინარე, რაიმე სახის არსებით ზრდას არ ველოდებით. იქიდან გამომდინარე, რომ კომერციულ ტარიფთან შედარებით, ე.წ. სოციალური გაზის ფასი უფრო დაბალია, ამ კურსის პირობებში, თუკი არსებითი ცვლილება არ მოხდა, სამომხმარებლო ტარიფების ნაწილში ზრდა მოსალოდნელი არაა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ბიზნესისთვის ბუნებრივი აირი გაძვირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომერციული გაზის მიმართულება დერეგულირებულია და მას სემეკი არ ადგენს. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, მიმდინარე წლის დეკემბერში დადგენილი ახალი ტარიფები ძალაში სამი წლის განმავლობაში იქნება.