LIVE

8 თვეში საქართველომ $74 მილიონის ელექტროენერგია გაყიდა - მთავარი ბაზარი თურქეთია

21 სექ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 792

2022 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გავიდა და ქვეყანას ელექტროენერგიით ვაჭრობაში დადებითი ბალანსი აქვს.

ამასთან, საქსტატის თანახმად, ელექტროენერგია, მთლიან ექსპორტში 2.1%-იანი წილით, 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორისაა. 

კერძოდ, იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე $73.9 მილიონის ელექტროენერგია გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 398.5%-ით აჭარბებს. უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. 8 თვეში თურქეთმა საქართველოსგან $69.3 მილიონის ელექტროენერგია იყიდა. ამავე პერიოდში სომხეთში ექსპორტზე $4 მილიონამდე, ხოლო აზერბაიჯანი - $569 700-ის ელექტროენერგია გავიდა.

აგვისტოს მონაცემებით, გასულ თვეში ელექტროენერგია ექსპორტზე მხოლოდ თურქეთში გავიდა და შედეგად, საქართველომ $9.7 მილიონი მიიღო.

იანვარ-აგვისტოში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში $34.7 მილიონი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. 

შეგახსენებთ, Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს გასული ათი წლის განმავლობაში პირველად, 2022 წლის 6 თვეში, ელექტროენერგიის დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა.