
საქართველოს გასული ათი წლის განმავლობაში პირველად, 2022 წლის 6 თვეში, ელექტროენერგიის დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა.
Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა თანხამ $55.8 მილიონს მიაღწია, იმპორტმა კი $34.7 მლნ შეადგინა. შესაბამისად, დადებითი სავაჭრო ბალანსი $21.1 მილიონია.
ენერგეტიკულმა კრიზისმა და ენერგეტიკული პროდუქტების გლობალური ფასების ზრდამ გავლენა მოახდინა მთავარ საექსპორტო ბაზარზე - თურქეთზე, სადაც ფასები გასამმაგდა. კერძოდ, თურქეთში ელექტროენერგიის ფასმა ივნისში კილოვატ საათზე 14.5 ცენტს მიაღწია. ქართველმა ექსპორტიორებმა ისარგებლეს ამ ზრდით და წლის პირველ ნახევარში თურქეთში ექსპორტიდან მიიღეს ისტორიულად მაღალი შემოსავალი - $51.2 მილიონი.
თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი მაისში დაიწყო და, სავარაუდოდ, გარკვეული შეზღუდული მოცულობით, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. თურქეთის ბაზარზე მაღალი მოთხოვნისა და ფასების ზრდის პროგნოზის მიუხედავად, ელექტროენერგიის ექსპორტს ზღუდავს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ელექტროენერგიის ექსპორტი, როდესაც ქვეყანაში იმპორტის საჭიროება არსებობს.
რაც შეეხება იმპორტს, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ფასი გაიზარდა, მაგრამ არც ისე საგრძნობლად, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასების დრამატული ცვლილება გამოეწვია. მაგალითად, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი 2022 წლის პირველ ნახევარში კილოვატ საათზე 7.5 ცენტს შეადგენდა, როცა გასული წლის ფასი 4.6 ცენტი იყო. შესაბამისად, ფასი 62%-ით გაიზარდა, მაგრამ ის საექსპორტო ფასთან - 14.5 ცენტთან შედარებით მაინც ნაკლებია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ ბაზრებზე გლობალურ ტენდენციასთან შედარებით ფასები გაცილებით დაბალია.
იმპორტის საშუალო ფასის ზრდის ფონზე ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში 21.9%-ით გაიზარდა და კილოვატ საათზე 5.7 ცენტი შეადგინა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გასულ წელთან შედარებით 9.8%-ით გაიზარდა და წლის პირველ ნახევარში 7.3 ტერავატ საათი შეადგინა. გაზრდილი მოთხოვნა დიდწილად დააკმაყოფილა ჰიდროელექტროსადგურების მიერ ენერგიის გამომუშავების ზრდამ, სადაც 21.1%-იანი მატება დაფიქსირდა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამუშავდეს ენერგეტიკული ბირჟა და ამ საკითხზე ჯერ კიდევ არსებობს ღია კითხვები.